სასტუმრო და რესტორანი, ქართული კერძები, ფრენბურთის მოედანი, ბატუტი, აუზი, ტრანსფერი, ტურები ფშავში - საკმაოდ მრავალფეროვანია სერვისი, რასაც ტურისტული კომპლექსი ,,ხომი" მომხმარებლებს სთავაზობს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი კაიშაური Business Insider Georgia- თან ამბობს, სასტუმრო წლის ნებისმიერ სეზონზე მუშაობს.
კომპანიას აქვს ბიზნეს გეგმა, რომლის განხორციელებასაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეეცდებიან, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
,,მაღალი დონის ტურისტულ სერვისებს ვთავაზობთ მომხმარებელს, რომელიც მუდმივად იხვეწება და ვითარდება. მომხმარებლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა. რაც შეეხება უცხოელებს, ტურისტები უმეტესად სჭარბობენ პოლონეთიდან, რუსეთიდან, და უკრაინიდან, ბოლო დროს ირანელებიც საკმაოდ გააქტიურდნენ. ჩვენი კომპლექსი შექმნიდან მალევე პანდემია გაჩნდა, ამიტომ პოზიციების გასამყარებლად საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, ბევრი დაბრკოლება დაგვხვდა, რაც გადავლახეთ და უკვე 2022 წლიდან სტაბილური განვითარება დავიწყეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბაზარზე გამორჩეული ნიშა გვეკავოს, ამ მიზნით შეიქმნა ჩვენი კომპანია, რომელმაც მალევე მიიქცია ყურადღება. ამას მოწმობს კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც უკვე საკმაოდ ბევრია", - ამბობს გიორგი კაიშაური.
მიუხედავად მიღწეულისა, წინ არაერთი პროექტია, რომლის განვითარებასაც კომპანიის დამფუძნებელი გეგმავს. კაიშაურის თქმით, რეგიონში ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია, რაშიც სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.
,,ტურიზმის შესაძლებლობები ამოუწურავია. ჩვენს შემთხვევაში, გვინდა აქცენტების გასართობ და დასასვენებელ მიმართულებებზე გაკეთდეს. გეგმაში გვაქვს, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი სერვისები, როგორიცაა ჯომარდობის მოწყობა, ზიპლაინი და სხვა. სახელმწიფო ხელს თუ შეგვიწყობს, უფრო მეტად განვითარდება ჩვენი ტურისტული კომპლექსი, ამისთვის ყველა რესურსი გვაქვს, მაგრამ გარკვეული მხარდაჭერაც გვჭირდება. ამ თვალსაზრისით, ,,აწარმოე საქართველოში" პროექტი დიდ შესაძლებლობას იძლევა. იმედია, ერთხელაც მივიქცევთ ამ პროგრამის ხელმძღვანელების ყურადღებას და ყურადღებას მოგვაქცევენ. ,,ხომის" აქვს ყველა პირობა, რომ გამორჩეული ტურისტული კომპლექსი გახდეს ქვეყნის მასშტაბით, მეტი ადამიანი დაასაქმოს და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევაშიც მოკრძალებული წვლილი შეიტანოს", - ამბობს გიორგი კაიშაური.
ცნობისთვის, ,,ხომი" ფშავში, სოფელ ჩარგლის სიახლოვეს, ხომში მდებარეობს. ტურისტული კომპლექსში 6-დან 10-მდე ადამიანია დასაქმებული.
,,ხომი" ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია და მაღალი დონის სერვისები გამოარჩევს, რაც მისი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა.
უახლესი