2023-25 წლებში დაგეგმილია 477 მვტ სიმძლავრის 40 სადგურის მშენებლობა. მათი დიდი ნაწილი მშენებლობის ან ლიცენზირების ეტაპზეა, - ინფომაცია Business Insider Georgia-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიაწოდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა პირველი სიმძლავრის აუქციონი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე. მომდევნო ეტაპებზე დაგეგმილია მარეგულირებელი სადგურების მშენებლობაზე აუქციონის გამოცხადება.
„საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ენერგეტიკის წახალისებისა და მხარდაჭერის სქემა - როგორ შეიძლება საქართველოში ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების ათვისებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს ნიშნავს როგორც ჰიდროპოტენციალის ათვისებას, რაც საქართველოს აქვს, აგრეთვე სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების აქტიურად გამოყენებას.
ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა. ის მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
• ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;
• ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
• მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
• სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
პირველმა აუქციონმა დიდი ინტერესი უკვე გამოიწვია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთა შორის. დეტალების გავრცელებისგან თავს შევიკავებთ, რადგან განაცხადების შემოტანის ვადა ჯერ დასრულებული არ არის. ამის პარალელურად, ჩვენ გვაქვს რეგულარული შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან“, აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისათვის, 2022 წელს ენერგეტიკის სექტორში 149.1 მლნ. აშშ. დოლარის ინვესტიცია (მთლიანი ინვესტიციების 7.5%) განხორციელდა. ძირითად ინვესტორი ქვეყნები არიან ჩეხეთი, თურქეთი და ნიდერლანდები.
უახლესი