ინდოეთში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა APAIE 2025 აერთიანებს დაახლოებით 70-მდე ქვეყანას და წელს ამ გამოფენაზე 2000-ზე მეტი დელეგატი იყო წარმოდგენილი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ მაია კვიციანმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოფენაზე ძნელია საქართველოსნაირი პატარა ქვეყანამ კონკურენცია გაუწიოს დიდ ქვეყნებს, რომლებოც საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობენ, თუმცა საქართველომ ეს თავისი შემოქმედებითი მიდგომით მოახერხა.
„რაც შეეხება ჩვენს ვიზიტს ინდოეთში, ძალიან დადებითად დამუხტულები დავბრუნდით, გამომდინარე იქიდან, რომ მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო საგამოფენო კონფერენცია-გამოფენაზე. ეს არის APAIE, რომელიც ინდოეთში პირველად ჩატარდა. ჩვენი დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მოგეხსენებათ, დელეგაციას მინისტრი ხელმძღვანელობდა ორ მოადგილესთან ერთად და ასევე საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო უნივერსიტეტების მხარეც. რექტორებიც ესწრებოდნენ თავის გუნდებთან ერთად და შესაბამისად ამან კიდევ უფრო მეტი განსაკუთრებულობა შესძინა ჩვენს იქ გატარებულ რამდენიმე დღეს. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გამოფენა აერთიანებს დაახლოებით 70-მდე ქვეყანას და წელს 2000-ზე მეტი დელეგატი იყო წარმოდგენილი.
საკაოდ დიდი კონფერენციაა და საკმაოდ კონკურენტული გარემოა. იქ როდესაც ხარ ხვდები თუ როგორ ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნები თავი წარმოაჩინონ და რაც უფრო დიდი და შეძლებული ქვეყანაა, როგორიც მაგალითად კანადაა, ავსტრალიაა მათი სტენდები განსაკუთრებით გამოირჩევა ხოლმე და რთულია ესე ჩვენნაირად პატარა ქვეყნისთვის კონკურენციის გაწევა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვიწევს შემოქმედებითობა ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა ბაია კვიციანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, APAIE 2025-ზე თავის უკეთ წარმოჩენისთვის სამინისტრომ ორი მიზანი დაისახა.
„ეს ძალიან საინტერესო იყო. ბატონი მინისტრისგანაც და ჩვენი მთელი სამუშაო გუნდისგან მოდიოდა ეს, სამუშაო პროცესში გამოიკვეთა ორი მიზანი. თუ მონაწილეობას ვიღებდით უნდა მიგვეღო მონაწილეობა ძალიან ღირსეულად.
და რაც შეიძლება მაქსიმალურად აგვეთვისებინა ის პოტენციალი, რაც არსებობს ესეთ პლატფორმებზე. ასევე, მეორე მიზანი გვქონდა, რომ მაქსიმალურად წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა არამხოლოდ საგანმანათლებლო კუთხით, არამედ როგორც ზოგადად ქვეყანა თავისი კულტურით და საკმაოდ ამბიციური მიზნები დავისახეთ. მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანი ირჩევს სასწავლებლად ქვეყანას და გადასვლას აპირებს სხვა ქვეყანაში, მისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ საგანმანათლებლო გარემო.
გამოფენაზე წარმოდგენილები არიან ასევე აგენტები, რომლებიც ეძებენ უნივერსიტეტებს სტუდენტებისთვის. თუმცა, ასევე არიან ქვეყნები, რომლებიც ეძებენ სხვა ქვეყნებს დასაპარტნიორებლად და რამდენიმე მემორანდუმიც გაფორმდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მრავალმხრივი წარმოჩენა ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ბაია კვიციანი.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „Education In Georgia“ ფარგლებში საქართველოს დელეგაცია სამდღიან საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გაიმართა.
საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა 25 მარტს გაიხსნა და 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. APAIE 2025-ის გახსნის ღონისძიებაზე ალექსანდრე წულაძეს გამოფენის პრეზიდენტმა, პროფესორმა ვენკი შანკარარამანმა უმასპინძლა. მინისტრი, APAIE-ის პრეზიდენტთან ერთად, საგამოფენო სივრცეს ეწვია, სადაც „Education in Georgia“-ს კუთხეს გაეცნო და საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, საქართველო რეგიონის მასშტაბით საგანმანათლებლო ჰაბს წარმოადგენს, საერთაშორისო გამოფენები კი ხელს უწყობს ქართული საგანმანათლებლო სისტემისა და უნივერსიტეტების პოტენციალის პოზიტიურად წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს პროექტს „Education in Georgia“, რათა საქართველოს უნივერსიტეტებმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა – ინტერნაციონალიზაცია.
გამოფენაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც სამუშაო შეხვედრები გამართეს განათლების სფეროში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციასთან შემდგომი თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში საერთაშორისო სტუდენტების მოსაზიდად.
საგულისხმოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „Education In Georgia“, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების საერთაშორისო კავშირების განვითარებას და სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის მობილობის მხარდაჭერას.
უახლესი
15 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე