დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგადასახადო შეღავათები საინვესტიციო თვალსაზრისით საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტექნოლოგიური სექტორის ინვესტორებისთვის -  გიორგი მარიამიძე

საგადასახადო შეღავათები საინვესტიციო თვალსაზრისით საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტექნოლოგიური სექტორის ინვესტორებისთვის - გიორგი მარიამიძე

31-03-2025 22:37:00

ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. პირველი 3 წლის განმავლობაში მათზე ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს.

„ინოვაციების შესახებ “ და “საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დღეს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დააანონსა.

თავად ბიზნესი ინიციატივას მიესალმება და მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის შეღავათებით საქართველოს მიმზიდველობა კიდევ უფრო გაიზრდება და ქვეყანაში ინოვაციების განვითარებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნება.

„სქილვილის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას ამბობს, იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი, ამისათვის მთელი ეკოსისტემის განვითარებაა საჭირო.

„სქილვილში“ მთავარი მიმართულება ტექნოლოგიური განათლებაა და ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველს მივცეთ ტექნოლოგიური განათლება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გაჟღერებულ ინიციატივას საკმაოდ დადებითად ვაფასებ, რადგანაც ის ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ცენტრის კიდევ უფრო განვითარებას. საერთაშორისო კომპანიებისთვის დაწესებულმა საგადასახადო შეღავათებმა თავისი გავლენა იქონია და ქვეყანაში რამდენიმე საერთაშორისო, საკმაოდ ცნობილი კომპანია შემოვიდა. ასევე განვითარდნენ ქართული კომპანიებიც და საკუთარ მომსახურებას უკვე საზღვარგარეთ კლიენტებს აწვდიან. იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეკოსისტემა განვითარდეს, აქ საუბარია IT კომპანიებზე,  IT განათლებაზე, ინოვაციებზე და სტარტაპებზე. სტარტაპები ტექნოლოგიური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. დაანონსებული ცვლილებები ხელს შეუწყობს და წაახალისებს სტარტაპების როგორც დაფუძნებას, ხოლო შემდგომ ამ სტარტაპების უფრო ფართოდ რეგიონში გავრცელებას“, - ამბობს გიორგი მარიამიძე.

„სქილვილის“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დღეს დაანონსებული შეღავათები ქვეყნისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რადგანაც საგადასახადო შეღავათებით ინვესტორისთვის და ტექსტარტაპერებისთვის საქართველოს არჩევა კიდევ უფრო გამარტივდება.

„როგორც მოგეხსენებათ, ტექნოლოგიური ბიზნესი ბევრად უფრო მარტივად მასშტაბირდება, ვიდრე ტრადიციული სექტორი. თუ ქარხნის ან საწარმოს გაფართოება დიდ რესურსებსა და დროს მოითხოვს, ტექნოლოგიურ კომპანიებს ეს ბევრად ეფექტურად და სწრაფად შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ასეთი პირობები საქართველოს საინვესტიციო თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტექნოლოგიური სექტორის ინვესტორებისთვის.

IT სერვისის ექსპორტის მიწოდებით ერთ სულ მოსახლეზე რეგიონში მნიშვნელოვნად ვუსწრებთ აზერბაიჯანს, ხოლო საქართველო და სომხეთი დაახლოებით თანაბარ მაჩვენებელზეა. ბოლო 5 წელიწადში IT სერვისების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზრდა მოხდა დაახლოებით 8-ჯერ. თუ ის 2019 წელს სადღაც 300 მლნ ლარს შეადგენდა, 2023 წელს იყო 2,4 მლრდ ლარი.  შეღავათები კი ექსპორტის ზრდასაც გამოიწვევს“, - ამბობს „სქილვილის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული შეღავათები, მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ განსახილველად და დასამტკიცებლად უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება. 

მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ სხდომაზე აღნიშნა, რომ  ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას. 

 

„ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში, ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან ნული პროცენტით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად  გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან  მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები