დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს ეკონომიკური აქტიურობა ჩვენს ზრდაზეც აისახა - „კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

წელს ეკონომიკური აქტიურობა ჩვენს ზრდაზეც აისახა - „კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

05-10-2024 13:47:00

„კრისტალი“ მიკრობანკის ლიცენზიას ელის. როგორ მუშაობს ფინანსური ინსტიტუტი, რა ვითარებაა საბანკო ბაზარზე და რა გეგმები აქვს ორგანიზაციას, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძეს ესაუბრა:

„კრისტალი“ მიკრობანკის ლიცენზიას ელის. განაცხადი 2023 წლის დეკემბერში შეიტანეთ და სავარაუდოდ 6 თვეში უნდა მიგეღოთ ლიცენზია. უკვე მესამე კვარტალი დასრულდა. რა ეტაპზეა პროცესი, რა არის მთავარი გამოწვევა და სავარაუდოდ როდის იზეიმებთ ლიცენზიის მიღებას?

რთული იქნება კონკრეტული ვადის დასახელება, მაგრამ აღნიშვნის ღირსია საქართველოს ეროვნულ ბანკთან ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. მიუხედავად ორივე მხარის აქტიური ჩართულობისა, კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზირების პროცესი ობიექტურად მოითხოვს კომპანიის მზაობის დეტალურ შეფასებას და მის დოკუმენტურ დასაბუთებას. ამ პროცესში შეიქმნა რამდენიმე ათასი დოკუმენტი. აქციონერების გარდა შეფასებას ექვემდებარება მიკრობანკის ადმინისტრატორების შესაფერისობა, კორპორაციული მართვის მოდელი, პოლიტიკები, კაპიტალის სტრუქტურა და ბიზნეს-გეგმა. ველით ახალი ბანკის დაბადებას, რაც დიდი მოვლენაა როგორც ჩვენთვის, ასევე, ვფიქრობ, მთელი ფინანსური სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის.

რა ახალ შესაძლებლობას მიცემს „კრისტალს“ მიკრობანკის სტატუსი? რა არის მიკრობანკის ლიცენზიის უპირატესობა?

ბანკ კრისტალს შეეძლება სრული მომსახურეობა გაუწიოს თავის ერთგულ მომხმარებლებს. ჩვენ რა თქმა უნდა დავრჩებით საკრედიტო მომსახურეობის სანდო მიმწოდებელი, მაგრამ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ მიმდინარე ანგარიშების, დანაზოგებისა და დეპოზიტების სერვისზე, რაც ერთიანობაში კიდევ უფრო გააჯანსაღებს ჩვენი მომხმარებლების ფინანსურ მდგომარეობას. ჩვენი ბანკი ორიენტირებული იქნება მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერაზე როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური სერვისებით. თუ ნებას მომცემთ, ამ ეტაპზე ამაზე მეტს არ გეტყვით.

ამ ლიცენზიის მიღების შემდეგ, რამდენად გაუწევთ კონკურენციას ბანკებს? როგორაა გადანაწილებული ბაზარი და სად არის თავისუფალი ნიშა?

ვფიქრობ, კონკურენცია ახლაც საკმაოდ მწვავეა. ჩვენი ძლიერი მხარე რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის, ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახების მომსახურეობაა. ბევრი მომხმარებელი იყენებს კრისტალის განვადების სერვისს. ის, რაც გამოგვარჩევს სხვა ბანკებისა და ფინანსური ორგანიზაციებისგან, გახლავთ სიახლოვე მომხმარებელთან, 26 წლის განმავლობაში შექმნილი ნდობა, რომელიც ეფუძნება ღია, გამჭვირვალე, მზრუნველ და სამართლიან დამოკიდებულებას მათ მიმართ.

ეკონომიკის რა ნაწილის მთავარი პროვაიდერები გახდებიან მიკრობანკები?

მიკრო და მცირე საწარმოები, ფერმერული მეურნეობები, და თვითდასაქმებული ადამიანები - ეკონომიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი სეგმენტი, რომელიც ქმნის დასაქმებას და გააჩნია ეკონომიკური გამოშვების უფრო დიდი პოტენციალი, ვიდრე გვაქვს დღეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბუნებრივი ნიშა გახლავთ ქვეყნის რეგიონები. ძლიერი რეგიონები, წელგამართული მეწარმე და ფერმერი კი ქვეყნის სიძლიერის და დამოუკიდებლობის საწინდარია.

რა ბენეფიტებს მიღებენ მომხმარებლები მიკრობანკების ბაზარზე გამოჩენის შემდეგ?

კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული მომსახურეობა, უფრო მეტი საბანკო პროდუქტი და სერვისი, რომელიც აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია ოჯახებისთვის მეტი ფინანსური სტაბილურობა და ბიზნესისთვის - ზრდის და განვითარების შესაძლებლობები.

შეძლებთ თუ არა სტატუსის მიღების შემდეგ სესხების გაიაფებას? თუ კი რამდენი %-ით?

მოგეხსენებათ “იაფი” ყველაზე კარგს ყოველთვის არ ნიშნავს. ჩვენ ვცდილობთ რომ გვქონდეს ადეკვატური საპროცენტო განაკვეთები სასესხო პროდუქტებზე. რა თქმა უნდა სადეპოზიტო ბაზის ზრდა მოგვცემს კიდევ უფრო მიმზიდველი განაკვეთების შეთავაზების საშუალებას. შესაძლოა, ჯერჯერობით დიდ ბანკებს ვერ გავუწიოთ კონკურენცია ფასით, მაგრამ ჩვენი მომსახურების ხარისხი, სისწრაფე, მომხმარებლისადმი ყურადღება და საქმიანი ურთიერთობის სტილი, ერთიანობაში მეტ ღირებულებას სძენს მომხმარებელს.

„კრისტალის“ საქმიანობას როგორ შეაფასებდით 2024 წლის 8 თვის შედეგებით. როგორია გაცემული სესხების პორტფელის მოცულობა? არის თუ არა ზრდა და რა ტიპის სესხებზეა მოთხოვნა? რომელ სეგმენტშია აქტივობა - ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი?

წელს ეკონომიკური აქტიურობა ჩვენს ზრდაზეც აისახა, 8 თვის შედეგებით გავიზარდეთ 8%-ით და სასესხო პორტფელი შეადგენს 477 მილიონ ლარს. აღნიშნული პორტფელის ყველაზე დიდი ნაწილი წარმოდგენილია მომსახურების სექტორში. საკმაოდ ძლიერი პოზიცია გვიჭირავს სოფლის მეურნეობაში, სადაც ჯამში დაბანდებული გვაქვს 120 მილიონი ლარი. წელს კარგი შედეგები აქვს ტურიზმის სექტორს. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკა დაგეგმილი ტემპით გაიზრდება.

თქვენი შეფასებით, საბანკო ბაზარზე რა არის მთავარი გამოწვევა?

ჩვენი მთავარი დაკვირვება იმაში მდგომარეობს, რომ სუსტადაა განვითარებული მიკრო და მცირე ბიზნესისთვის აუცილებელი საბანკო პროდუქტები. სწორედ ეს გახლავთ „კრისტალისთვის“ შესაძლებლობა. ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ მომდევნო წლები იყოს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის, ექსპორტის გაფართოების ხანა. მიკრობანკების შექმნაც ამ სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები