დავით გელუტაშვილი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დირბში, საგვარეულო მიწაზე ტყლაპის და ჩირის საწარმო ააშენა Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მიმდინარე წელს კომპანია 5 ტონამდე პროდუქციას გადაამუშავებს და გასაყიდად ადგილობრივ ბაზარზე გამოიტანს.
დავით გალუტაშვილის ინფორმაციით, კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს საწარმოო პროცესი.
„მიმდინარე წელს ბაზარზე 25 დასახელების პროდუქციას გამოვიტანთ. შევიძინეთ ნედლეული, რომელიც მაცივარში გვაქვს მოთავებული და დავიწყეთ გადამუშავების პროცესი. ჩვენ არცერთ პროდუქტს არ აქვს ხელოვნური დანამატები. ძირითადად გადავამუშავებთ შავ ქლიავს, ვაშლის სხვადასხვა ჯიშებს, კომშს, ატამს, მსხალს, ღოღნოშოსა და ტყემალს“, - ამბობს მეწარმე.
„ფრუტერას“ 2024 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. როგორც დავით გელუტაშვილი ამბობს საწარმო ჰასპის სერტიფიკატის ასაღებად ემზადება, ხოლო სამომავლოდ ექსპორტსაც გეგმავს.
მეწარმე ამბობს, რომ ექსპორტისთვის პირველი სამიზნე ბაზარი გერმანია იქნება.
„ვეცდებით საწარმოო სიმძლავრის გაზრდას, იმისთვის რომ ექსპორტზე გავიდეთ და ბაზარზე უწყვეტი მიწოდება უზრუნველვყოთ“,- ამბობს მეწარმე.
„ფრუტერამ“ პირველი პროდუქცია ბაზარზე 2022 წელს გამოიტანა. დავით გელუტაშვილმა 2022-2023 წელს ჩირი და ტყლაპი საკუთარ ბაღებში მიღებული მოსავლით დაამზადა, თუმცა მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლა წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.
მეწარმეს ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად 25 დასახელების ტყლაპი და ჩირი გამოაქვს. მისი თქმით „ფრუტერას“ წარმოება 100%-ით ნატურალურია.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია