საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) დირექტორის მოადგილეს დმიტრი მარიასინს საქართველოს პავილიონში შეხვდა. მხარეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს. ოთარ შამუგიამ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის დირექტორის მოადგილეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე და აქტიური ქვეყანა გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით, აქტიურად არის ჩართული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვით პროცესებსა და შეთანხმებებში და აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულებაზე. გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გაქვთ“, - განაცხადა დმიტრი მარიასინმა.
ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მოქმედებს მონიტორინგის სისტემები; მიმდინარეობს რეფორმები სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების შემცირების, წყლის რესურსების მართვის და კონტროლის მექანიზმების მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო „წყლის რესურსების მართვისა“ და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ მიღებულ კანონებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ორივე კანონი ევროპულ მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია და მათი პრაქტიკაში აღსრულება გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას უზრუნველყოფს.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) დირექტორის მოადგილემ საქართველოს სამომავლო რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა