თელავში, წინანდალში მდებარე მცირე საწარმო ,,ჩირინა" „აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარია, რომლის წარმოება და ასორტიმენტი წლიდან წლამდე ფართოვდება.
ჩირის, ცუკატის, ტყლაპის, სხვადასხვა ნუგბარისა და მურაბის მწარმოებელი კომპანიამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სამჯერადი ზრდა შეძლო. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან კომპანიის დამფუძნებელი თამარ ბატიაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, „ჩირინა“ მომხმარებელს საახალწლოდ ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს სასაჩუქრე ბოქსებს, რომლის შემადგენლობაშია 20-ზე მეტი დასახელების ჩირეული, ცუკატები და ტყლაპები. ასევე გაყიდვაშია გულსართიანი ჩირები და ნუგბარის ექსკლუზიური სახეობები.
„ჩვენი პროდუქცია ნატურალური და უვნებელია, მაქსიმალურად ვართ ხარისხზე ორიენტირებული. ნედლეულს ვყიდულობთ კახეთში ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ტრადიციულ ჩირეულთან ერთად, ქართულ ბაზარზე შემოვედით ინოვაციური პროდუქტებით და ხილის გარდა, წარმოებაში ვიყენებთ ბოსტნეულს. საკუთარი ტექნოლოგიით, ხეჭეჭურის ჯიშის მსხლისგან ვამზადებთ ჩირს, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებით. დიდი პოპულარობით სარგებლობს ყაბაყის, სტაფილოს, გოგრის ჩირი. თაფლითა და თხილეულით ვამზადებთ გულსართიან ჩირებს. გვაქვს შოკოლადიანი ჩირების ხაზიც. ჩირეულის გარდა, ვამზადებთ სურნელოვანი ვარდის ჩაის, გამშრალი კენკრით, ციტრუსებითა და ხილით. ყვავილების მურაბებს, რომელსაც დელიკატურ გემოსთან ერთად აქვს სამკურნალო თვისებები. მაგალითად, ვარდისა და ბაბუაწვერას მურაბა. მომავალ წელს დავამატებთ აკაციის ყვავილის მურაბას", - ამბობს თამარ ბატიაშვილი.
რაც შეეხება საახალწლო ბოქსებს, ყველა კატეგორიის მომხმარებელზეა გათვლილი და ფასი საშუალოდ 10-დან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს.
საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, 2023 წლის დასაწყისში პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ,,ჩირინამ" შეიძინა საწარმოო დანადგარები, რამაც ხელი შეუწყო წარმოების მოცულობის ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას. ამ დროისთვის მიმდინარეობს საწარმოს ბრენდინგი და უახლოეს პერიოდში, ბიზნესი სრულად გაციფრულებული გახდება.
,,საწარმოს გადაიარაღების შესაძლებლობა მოგვცა საქართველოს სავაჭრო პალატისა და USAD-ის ერთობლივმა პროექტმა, რომლის გამარჯვებულებიც ცოტა ხნის წინ გავხდით. ჩვენი ბიზნესის გაციფრულების შემდეგ, მომხმარებელს უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეეძლება მიიღოს დეტალური ინფორმაცია ჩვენი პროდუქციის შესახებ. მომხმარებელი ვებგვერდზე შეძლებს შეიძინოს სასურველი პროდუქტი და მიიღოს სახლიდან გაუსვლელად".- ამბობს თამარ ბატიაშვილი.
მომავალ წელს, „ჩირინას“ ასორტიმენტს პომიდვრის ჩირით დამზადებული ხემსის რამდენიმე სახეობა შეემატება.
უახლესი