მზის ენერგია, როგორც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი წყარო, საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი მიმართულება ხდება.
Business Insider Georgia- თან Helios Energy-ის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ 2023 წელს კომპანია 8 მეგავატ სიმძლავრეზე გავიდა, რაც მათთვის რეკორდული მაჩვენებელია და წარმოების ზრდამ დაახლოებით 30-40% შეადგინა.
„ჩვენ წელს ასევე გავზარდეთ კომპანიის პერსონალი. 10 ინსტალატორი გვყავს, ასევე დავიმატეთ პროექტის მენეჯერები. შევქმენით ასოციაცია, რომელიც 16 კომპანიას აერთიანებს. დავიწყეთ რეგულაციებზე მუშაობა, რათა უფრო მეტად გავაუმჯობესოთ საინვესტიციო გარემო მზის ელექტროსადგურების ბიზნესისთვის.
რაც შეეხება მომავლის გეგმებს, 2024 წელს სულ მცირე 8 მეგავატის მოცულობაზე გასვლას დავისახავთ მიზნად. გარდა ამისა აუცილებლად გადავალთ დიდი სიმძლავრის სადგურების აგებაზე, რომელიც არ არის ე.წ.საკუთარი მოხმარების სადგურები, არამედ ელექტროენერგიას გაყიდის ქსელში“, - ამბობს თორნიკე დარჯანია.
Helios Energy-ის დამფუძნებლის შეფასებით, ბაზარზე ცნობადობის ზრდა მნიშვნელოვანია თუმცა 2023 წლის მთავარი გამოწვევა პროფესიონალი კადრების დეფიციტია.
„ცნობადობის ზრდაზე აქტიურად ვმუშაობთ, ვცდილობთ კადრების მოზიდვას, რათა გლობალურ ბაზრებზე პროფესიული უნარების განვითარების კუთხით სიახლეებს არ ჩამოვრჩეთ. შევქმენით Helios Energy-ის აკადემია, სადაც კადრებს ვამზადებთ. მომავალ წელს გვექნება პრაქტიკანტების პროგრამა, რათა შემდგომ კომპანიაში დავასაქმოთ თანამშრომლები, რომლებიც პრაქტიკული საქმიანობისას თავს გამოიჩენენ“, - ამბობს თორნიკე დარჯანია.
უახლესი