კომპანია „პლანეტარიუმის“ გაყიდვებისა და პროექტების განვითარების მენეჯერი ვალერი სოხურაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ტელესკოპებზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით 100%-ით არის გაზრდილი.
მზარდი გაყიდვების ფონზე კომპანია 2024 წელს გაფართოებასა და მეზობელ ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს.
„2019 წლიდან ჩვენ გავხდით ამერიკული ბრენდის „სელესტრონის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ეს ბრენდი აწარმოებს ოპტიკას: ტელესკოპებს, ბინოკლებს, მონოკლებს. მიკროსკოპებს და მასთან დაკავშირებულ აქსესუარებს. 2023 წლამდე ვმუშაობდით ონლაინ, ხოლო შემდეგ გავხსენით შოურუმი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაძე. ჩვენი ძირითადი პროდუქტია ტელესკოპები, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ ღამის ცის დათვალიერება, პლანეტებსა და ციურ სხეულებზე დაკვირვება“, - ამბობს ვალერი სოხურაშვილი.
მისი თქმით კომპანიის პროდუქციის მომხმარებლების ასაკი საქართველოში 4 - წლიდან იწყება.
„ჩვენი მომხმარებლების ასაკი 4- წლიდან იწყება. ვინც ყიდულობს ჩვენს პროდუქტს, ამბობენ, რომ ეს მათი ბავშვობის ოცნებაა. ინტერესი ღამის ცასთან მიმართებით გაზრდილია და შესაბამისად მოთხოვნა მზარდია ტელესკოპებზე“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ამ დროისთვის „პლანეტარიუმში ყველაზე ბიუჯეტური ტელესკოპის ფასია 560 ლარი, ხოლო ყველაზე ძვირადღირებულია ტელესკოპი CPC სერიიდან და 21 ათასი ლარი ღირს. „ყოველწლიურად ტელესკოპების გაყიდვები და ტრაფიკი იზრდება. აქტიური მარკეტინგი გვაქვს, რაც შოურუმი გავხსენით გაყიდვების 100%-იანი ზრდა გვაქვს .
ტელესკოპი შემეცნებითი პროდუქტია და ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს ოჯახში, რათა სამყარო დაინახოს სხვა თვალით. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტელესკოპებზე მოთხოვნა არის აზერბაიჯანის მოქალაქეების მხრიდან. ასევე ზაფხულის სეზონზე ტელესკოპებს აქტიურად ყიდულობენ ტურისტები. ექსპორტი დაპაუზებული გვაქვს, თუმცა ჩვენს გეგმებში შედის. 2024 წელს ვგეგმავთ მეორე შოურუმის გახსნას. ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე გასვლას“, - აცხადებს კომპანიის გაყიდვებისა და პროექტების განვითარების მენეჯერი.
„პლანეტარიუმი“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ერთი შოურუმით არის წარმოდგენილი.
უახლესი
5 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“