თელავის აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტად გარდაქმნა 2027 წლიდან იქნება შესაძლებელი, რადგანაც საქართველოს მთავრობასა და TAV Georgia-ს შორის არსებულ ხელშეკრულებას სწორედ ამ დროიდან გადის ვადა, რომელიც თავის მხრივ გარკვეულ რადიუსში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას და ოპერირებას კრძალავს.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, თელავის აეროპორტის ტერმინალის დაგეგმარება ხდება ისე, რომ 2027 წლიდან, საჭიროების შემთხვევაში მარტივი იქნება მისი საერთაშორისო აეროპორტად გარდაქმნა.
„არსებობს კითხვები თუ რატომ არ ხდება თელავის აეროპორტის თავიდანვე საერთაშორისო აეროპორტად პოზიციონირება და გარდაქმნა. მოგახსენებთ, რომ არსებული ხელშეკრულება, მართვის მოდელით გადაცემულია საერთაშორისო კომპანია TAV-ზე. ხელშეკრულება ზღუდავს საქართველოს მთავრობას, რომ გახსნას და აოპერიროს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ვიდრე აღნიშნული ხელშეკრულება არის ძალაში. არსებულ ხელშეკრულებას კი ვადა გასდის 2027 წლის დასაწყისში და მინდა გითხრათ, რომ თელავის აეროპორტის ტერმინალის დაგეგმარება და პროექტირება ისეთი ფორმით კეთდება, რომ ქვეყანამ შეძლოს, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცვლილებების შეტანით, შემდგომში გარდაქმნა შიდა აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტად“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ TAV-თან აქტიური ხელშეკრულების პერიოდში ყველაფერი რჩება არსებული ხელშეკრულების ფარგლებში.
„ხელშეკრულება არ კრძალავს შიდა აეროპორტის მშენებლობას და ოპერირებას. ხელშეკრულების ფუნქციონირების პერიოდში ჩვენ ვერ ვაოპერირებთ თელავის აეროპორტს, როგორც საერთაშორისო აეროპორტს. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ 2027 წლიდან სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს იქნება თუ არა რელევანტური, რომ თელავის აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტად გარდაიქმნას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
უახლესი
11 საათის წინ
2024 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა - მიზეზები