„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მე-4 უჯრედის სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც 12 801 359 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა კი შესაბამისი წინადადებების წარდგენა 20 ნომებრამდე უნდა უზრუნველყონ.
დედაქალაქში მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ნაგავსაყრელის სტატისტიკის თანახმად, ნარჩენების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის 13%-ით არის გაზრდილი. საანგარიშო მონაცემების მიხედვით კი, მუნიციპალური ნარჩენების წილი ნარჩენების ჯამურ მოცულობაში საშუალოდ 95%-ს შეადგენს.
ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მეოთხე უჯრედის მოწყობის პროექტის დამუშავება განხორციელდა ევროკავშირის დირექტივის 1999/31/.5C (ნარჩენების სამარხი პოლიგონების დირექტივა) მოთხოვნების თანახმად.
თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის ტერიტორია დაცილებულია სოფ. სამგორიდან 1,4-1,5 კმ-ით, სოფ. დიდი ლილოდან 1,1-1,2 კმ-ით, ხოლო სოფ. ნორიოდან 4,0კმ- ით.
თბილისის უახლოესი უბნებიდან დაცილება შეადგენს 4.5-5,0კმ-ს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უახლოესი დასახლებული პუნქტებიდან პოლიგონის ტერიტორია გამოყოფილია ბუნებრივი ბარიერებით - ბორცვებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლობაზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების რისკებს.
მთლიანად პოლიგონის პროექტით გამოყოფილი ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 84 ჰა-ს, დღეისათვის არსებული ინფრასტრუქტურა მოწყობილია და ათვისებულია 40 ჰა ფართობზე.
უახლესი