დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტუდენტებს ნაცვლად 150 ლარისა, სტიპენდია უორმაგდებათ და 300 ლარით განესაზღვრებათ - განათლების მინისტრი

სტუდენტებს ნაცვლად 150 ლარისა, სტიპენდია უორმაგდებათ და 300 ლარით განესაზღვრებათ - განათლების მინისტრი

11-09-2023 17:26:12

სახელმწიფო სტიპენდიების არსებობის ისტორიაში, პრაქტიკულად პირველად ხდება თანხისა და რაოდენობის გადახედვა იმ სტუდენტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება მაღალია, შრომობენ, არიან კრეატიულები, ნიჭიერები, ხვდებიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის სტატუსში, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მინისტრის თქმით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაორმაგება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

„სტუდენტებს ნაცვლად 150 ლარისა, სტიპენდია უორმაგდებათ და 300 ლარით განესაზღვრებათ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თუ აქამდე პროგრამით სარგებლობდა 2 500 ჩვენი წარჩინებული სტუდენტი, დღეს უკვე გაორმაგებული თანხის პირობებში ისარგებლებს 5 000 სტუდენტი. რეალურად, როგორც რაოდენობაში, ისე თანხაში გვაქვს ორმაგი მატება. ბუნებრივია, ეს არის და იქნება მიმართულება, რომელსაც მთავრობასთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად დაუჭერს მხარს მომავალი თაობების, წარჩინებული სტუდენტების მხარდასაჭერად. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოჰყვება სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების პაკეტი“, – აღნიშნა მინისტრმა.

სტიპენტიების ზრდა, ისევ როგორც ადრე, ამჯერადაც მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხებათ.

„აქამდეც ეს პროგრამა ეხებოდა იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება კრიტერიუმებს, სტიპენდიები შეეხება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს. ამის თაობაზე მოგვიანებით სამინისტრო ჩემს ბრძანებას გამოაქვეყნებს, სადაც გაწერილია ქულათა შკალები, რა ქულის შემთხვევაში მიენიჭება სტუდენტს სტიპენდია. გარდა აკადემიური მოსწრებისა, სტიპენდიის მინიჭების წესში ასევე განისაზღვრება სტუდენტების სოციალური პირობებიც. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. სტუდენტი შეიძლება იყოს დევნილი, მრავალშვილიანი ოჯახიდან, სოციალურად დაუცველი. ამიტომ, ეს დამატებითი კომპონენტებია, რომლებიც აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მათ ეგრეთ წოდებულ, დამატებით ქულებს ანიჭებთ და მეტი პრიორიტეტი მიენიჭებათ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები