დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სიცრუე და სრული დეზინფორმაციაა, რომ კომპანიას არ გააჩნია ბახმაროში მშენებლობის ნებართვა - ირაკლი კვერღელიძე

სიცრუე და სრული დეზინფორმაციაა, რომ კომპანიას არ გააჩნია ბახმაროში მშენებლობის ნებართვა - ირაკლი კვერღელიძე

27-02-2024 14:00:00

„ორბი ჯგუფის“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ  სიცრუე და სრული დეზინფორმაციაა, რომ თითქოს კომპანიას არ გააჩნია ბახმაროში მშენებლობის ნებართვა. ამის შესახებ, მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პროცედურულად კომპანიას გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. „ორბის“ პროექტის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმების პროცედურა ორ ფაზადაა დაყოფილი. ხშირად გვხვდება საუბრები საჯარო სივრცეში, რომ კომპანიას არ გააჩნია მშენებლობის ნებართვა, არის სიცრუე და სრული დეზინფორმაცია. 

მე ხელთ მაქვს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, რომელიც 2023 წლის  26 დეკემბრითაა დათარიღებული და მაქვს მშენებლობის სანებართვო მოწმობა, რომელიც ადასტურებს პროექტის პირველი ფაზის შეთანხმებასა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემას.

მთავარია, სიმართლე ვიცოდეთ, რომ პროექტის პირველ ფაზასთან დაკავშირებით ყველა საკითხი შეთანხმებულია, გაცემულია შესაბამისი ნებართვა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

რაც შეეხება მეორე ფაზას, კომპანიას 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აქვს და პირველი ფაზა მოიცავდა ოთხ ჰექტარზე არსებულ განაშენიანებაზე პროექტის შეთანხმებასა და ნებართვას. ბუნებრივია, შემდგომი ეტაპიც უნდა განხორციელდეს“, - ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

მისი თქმით, კომპანია სრულად იცავს გენგეგმის პარამეტრებს, რაც არის უმთავრესი გარანტია ბახმაროს ავთენტურობისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის.

„გენერალური განაშენიანების გეგმა ძალიან ცალსახად და მკაფიოდ აწესებს ნორმატივებს, წესებს და ფუნქციურ ობიექტებს, რომლებიც შესაძლოა, ბახმაროში აშენდეს“, - განმარტავს „ორბი ჯგუფის“ დირექტორი. კ

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას იწყებს.მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. პროექტის ტერიტორია მოიცავს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 1 ჰექტარზე სასტუმრო კომპლექსის შენობა განთავსდება, ხოლო 7 ჰექტარი დაეთმობა რეკრეაციულ და დასასვენებელ სივრცეებს. სასტუმრო კომპლექსი გააერთიანებს 350 აპარტამენტს და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. კომპლექსში განთავსდება სპორტულ მოედნები, რესტორნები, კაფეები, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.

კომპლექსის დასრულების ვადა 2025 წლის დეკემბერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად 2019 წლის 15 მაისს გადაეცა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია.

განკარგულების თანახმად, კომპანიამ არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში „ორბი ჯგუფს“ ამ მიწის ნაკვეთებზე, ან მათ ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება ევალება, რაც მოიცავს არანაკლებ 120-ნომრიან სასტუმროებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედნებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადაში „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.

2023  წლის მარტში კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც მიენიჭა.

„ორბი ჯგუფი ბახმარო“ 2018 წლის 27 დეკემბერს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100 % წილის მესაკუთრე ზვიად ზოიძეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები