„აჭარა ჯგუფი“ ციხისძირში ახალი სასტუმროს პროექტზე მუშაობს, რომელიც ტურისტული ობიექტის "შუქურას" ტერიტორიაზე განხორციელდება.
როგორც Business Insider Georgia-ს „აჭარა ჯგუფში“ განუცხადეს, „შუქურა“, რომელიც ციხისძირის სუბტროპიკულ ტყესა და ზღვას შორისაა მოქცეული, აერთიანებს რესტორანს, სანაპიროს ტერასასა და ბარს, ღია აუზს და სხვა დასასვენებელ სივრცეებს. სამომავლოდ, კი ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროს გახსნაც, რომლის პროექტიც ახლა შემუშავების პროცესშია.
აღსანიშნავია, რომ „შუქურაში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილის ისტორიის, არქიტექტურისა და უნიკალური ლანდშაფტის შენარჩუნებით ხორციელდება.
ცნობილია, რომ აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი მილევად რეჟიმშია და შესაბამისად ტურისტულ ობიექტებს 2023 წლის ტურისტული სეზონის შეფასების საშუალება უკვე აქვთ. „შუქურას“ მაგალითზე „აჭარა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ სეზონმა საკმაოდ კარგად ჩაიარა.
„2023 წლის Სეზონი „შუქურასთვის“ დადებითი ტენდენციით გამოირჩევა. ტერიტორია კიდევ უფრო გაფართოვდა, მეტად მორგებული და საინტერესო გახდა სტუმრებისთვის, რადგან დავამატეთ აუზი და აუზის ღია ბარი. მიუხედავად იმისა, რომ „შუქურა“ სულ სამი სეზონია ფუნქციონირებს, ის უკვე იქცა ადგილობრივი ტურისტების საყვარელ თავშეყრის ადგილად, შესაბამისად, ჩვენი სტუმრების დიდი წილი სწორედ ქართველ დამსვენებელს ეკუთვნის“, - აცხადებენ „აჭარა ჯგუფში“.
„შუქურა“, ისევე როგორც „აჭარა ჯგუფის“ სხვა ობიექტები, ყველა სეგმენტის სტუმარზეა მორგებული და ტერიტორია ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის.
„ვთვლით, რომ „შუქურამ“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის განვითარებაში და ნამდვილ საგანძურად გადაიქცა აჭარის დამსვენებლებისთვის“, - უთხრეს Business Insider Georgia-ს „აჭარა ჯგუფში“.
ამ დროისთვის, „შუქურაში“ 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
„სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში კადრების მოზიდვა და შენარჩუნება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა „შუქურა“ განსაკუთრებული ადგილია და ვამაყობთ, რომ წლიდან წლამდე ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა ისევ ბრუნდება ახალ სეზონზე სამუშაოდ. „შუქურას“ უნიკალურობიდან და დინამიკურობიდან გამომდინარე, ის იდეალური სივრცეა გამოცდილების მისაღებად და „აჭარა ჯგუფში“ შემდგომი კარიერული წინსვლისთვის“, - განმარტავენ „აჭარა ჯგუფში“.
ტურისტული ობიექტი „შუქურა“, რომელიც ყოფილი დასასვენებელი სახლ „შუქურას“ სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად შეიქმნა დღეს ტურისტებისათვის საკმაოდ პოპულარული დასასვენებელი ადგილია. როგორც „აჭარა ჯგუფის“ მენეჯმენტი ამბობს ის, რაც დღეს „შუქურას“ გამოარჩევს, მისი უნიკალური მდებარეობა, ულამაზესი ხედები, გემრიელი და მრავალფეროვანი კერძებია, სადაც ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ დამსვენებელმა თუ ადგილობრივმა ზღვისპირეთში დრო საუკეთესოდ გაატაროს.
„შუქურა“ ყოველ წელს იზრდება, ვითარდება და მუდმივი სიახლეებით ხვდება სტუმრებს. ის მრავალფეროვანია როგორც საკვების მხრივ, ისე დასასვენებელი სივრცეებითაც. გზა, რომელსაც გადის თითოეული ადამიანი „შუქურაში“ შესვლიდან სანაპიროს ტერასამდე, ცალკე თავგადასავალია, რომელიც სტუმრებისთვის დაუვიწყარ მოგონებად რჩება“ - აღნიშნავენ „აჭარა ჯგუფში“.
უახლესი