პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ბათუმში, გასვლით სხდომაზე, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების წლიური ანგარიში მოისმინა.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში" კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ გააცნო.
მისი განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას და მათ ფართო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს პროგრამები ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2020-2022 წლების ფარგლებში: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებულია სამუშაოს 355 987 მაძიებელი, აქედან 2022 წელს, 5 978 აქტიური სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა; ინდივიდუალური კონსულტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, მათ შორის, თბილისის რაიონულ სერვის ცენტრებში, სამუშაოს 80 092 მაძიებელს გაეწია. სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 17 ათასზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, აქედან 12 645 - 2022 წელს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამის - საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ამოქმედება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირებისთვის. შესაბამისად, სოციალურად დაუცველ 30 ათასამდე სამუშაოს მაძიებელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცა.
ასევე გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ 1 539 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, 18 პირი კი ისრაელში, ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმდა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის შეფასებით, ყურადღებას უდავოდ იმსახურებს საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა, რომლითაც სულ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება ხდება.
„პარლამენტი აქტიურად მუშაობს მეთოდოლოგიაზე, კრიტერიუმების ჩამოყალიბებაზე, ასევე მივიღეთ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცირდება უმუშევრობა, მაგრამ გვსურს, კიდევ უფრო მეტ შედეგს მივაღწიოთ და ადამიანები ემიგრაციაში კი არ მიდიოდნენ, არამედ თავისუფალ ბაზარზე უფრო მეტი და მეტი ადამიანი დასაქმდეს", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტის გასვლითი სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.
უახლესი
2 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე4 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს4 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა