მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი, სადაც 2023 წლის აგვისტოში, შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზებია შეფასებული.
ანგარიშის თანახმად შემუშავდა დასკვნები და რეკომენდაციები, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
დასკვნები და რეკომენდაციები
1. მდ. ბუბისწყლის ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკურ კონტაქტში შევიდა მყინვართან, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის დეფორმაცია და ჩამონგრევა, რამაც გამოიწვია ყინულშიდა ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება, ასევე მყინვარის ზედაპირზე კლდეზვავის მყარი მასალის ხახუნის შედეგად მოხდა მყინვარის უსწრაფესი (ინტენსიური) დნობა (ზემოთ აღნიშნული ფაქტორები სრულიად საკმარისი იყო ღვარცოფის მოძრაობაში მოსაყვანად), რის შედეგად წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის და შემორჩენილი თოვლის საფარის ინტენსიურმა დნობამ, წინა პერიოდში მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მყინვარის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლამ, რასაც თან დაერთო ნაპრალოვანი გენეზისის მიწისქვეშა წყლების ფრონტალური გადმოდინება, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან;
2. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების, მანძილის გათვალისწინებით და RAMMS-ის პროგრამული უზრუნველყოფით განხორციელებული მოდელირებით, ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარემ 18-24 მ/წმ შეადგინა. სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს უნდა მიეღწია 7.5-10 წუთში;
3. სტიქიის დაწყებამდე და მიმდინარეობის პროცესში მდ. ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ქონია, რასაც ადასტურებს სტიქიამდე დაახლოებით 3 საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათი და მდ. ჭანჭახზე (მდ. რიონის შესართავთან) არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები. მცირე ზომის შეგუბებას ადგილი ქონდა მხოლოდ სტიქიის შემდგომ მდ. ბუბისწყლის და მდ. ჭანჭახის შესართავთან, რასაც მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგი არ მოყოლია;
4. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე არსებული მდ. ბუბისწლის ხეობა ერთ-ერთ იშვიათობას წარმოადგენდა 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდე, სადაც ღვარცოფის მნიშვნელოვან გავლას უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით მდინარის კალაპოტში განვითარებულ ცალკეულ წყალმოვარდნებს;
5. ზემოთ აღწერილი, 2023 წლის 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული და თანხვედრილი, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ჩასახვა-გააქტიურების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია;
6. მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რეკომენდირებული არ არის;
7. უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება;
8. მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები;
9. იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება;
10. მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად;
11. ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს.
შოვში, სტიქია 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. დაღუპულია 32 და ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 1 ადამიანი.
უახლესი