დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სეტყვასაწინააღმდეგო ბადეების მოწყობაზე შესაძლოა, სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდოს - სააგენტო

სეტყვასაწინააღმდეგო ბადეების მოწყობაზე შესაძლოა, სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდოს - სააგენტო

19-10-2023 17:00:33

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დაფინანსებაზე დიდი დისკუსიაა, სტიქიიდან გამომდინარე რომელიც მოხდა კახეთში. ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ და ასევე გვაქვს შეხვედრები მწარმოებლებთან, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ დღეს პარლამენტში, აგრარულ კომიტეტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. .

„საქართველოში არის წარმოება რომელიც ჩვენი პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული, ასევე არის იმპორტიც.  საკმაოდ ძვირი ჯდება სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები. დაფინანსება იყო 10-დან 20% თუმცა, შესაძლებელია, რომ გარკვეული კორექტირებები ამ კუთხით იყოს ინიცირებული“, - განაცხადა დავით წითლიძემ.   

ამასთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, რომ სეტყვისგან დამცავი ბადის გამოყენება ყველა კულტურაში არ არის შესაძლებელი. 

„გამოწვევა არის ის, რომ სეტყვის ბადე ყველა კულტურაში ვერ გამოიყენება. მათ შორის კაკალზე, ნუშზე. თუმცა, არის კულტურები, სადაც ეს შესაძლებელია და აქ ვენახია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ღირებულების თემაა, სადაც 1ჰა-ზე 60 ათას ლარსა და მეტზეცაა საუბარი. ჩვენ გვაქვს დაფინანსებული სულ 65 ჰექტარი, სადაც 500 ათას ლარამდეა სახელმწიფო კონტრიბუცია. საკმაოდ კაპიტალტევადია და ძვირადღირებულია. ყველაზე ძვირია ბოძები და აღჭურვილობა.

ჩვენ ვხვდებით მწარმოებლებს და  იმ ფერმერებს ვისაც სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები აქვს ან  ვინც გეგმავს  გაკეთებას. არის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები ვენახისთვის, რომელიც უფრო მარტივია,თუმცა სადაოა კარგად მუშაობს თუ არა. საბოლოოდ ყველაფერი ბიუჯეტამდე დადის და მეწარმეც უნდა შემოვიდეს თანადაფინანსებაში  ამ თემაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა დავით წითლიძემ.  

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლიდან 2023 წლის 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, მხოლოდ 19 ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება.

რაც შეეხება სეტყვისგან დამცავი ბედის  ფასს, 1 კვადრატულისს ფასი 1 ლარს შეადგენს. 1 ჰექტარზე გაშენებული ვენახის გადაფარვა ფერმერს 13-დან 15 ათას ლარამდე უჯდება, ხეხილის ბაღების შემთხვევაში ფასი უფრო მაღალია და დაახლოებით 60 ათასამდე ჯდება.

ფერმერები სახელმწიფოსგან სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების 10%-იანი დაფინანსების გაზრდას ითხოვენ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ განუცხადა. 

„1კვ/მ ბადის ღირებულებაა 1 ლარი. სეტყვისგან დამცავ ბადეზე მოთხოვნა არის, მაგრამ ფერმერები ელოდებიან დაფინანსების გაზრდას. ცნობილია, რომ სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ სარწყავ სისტემას აფინანსებს 50%-ით, ნერგებს -70%-ით, ხოლო სეტყვის საწინააღმდეგო ბადის სისტემის მოწყობას აფინანსებს 10%-ით. ასევე აქვთ დაბალპროცენტიანი საბანკო სესხი.

როცა გაიხსნა ჩვენი საწარმო, პრეზენტაციას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. მას ფერმერების თხოვნის შესახებ ინფორმაცია გადავეცით, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, - ამბობს ავთანდილ მაისურაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფოს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების სუბსიდირება უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლისა და ფერმერების ზარალის ანაზღაურება. რადგან დამცავი ბადეებით უფრო მეტი ფართი დაიფარება და შესაბამისად სეტყვისგან მიყენებული ზარალი უფრო მცირე იქნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები