სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაშია, - აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი. ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ საბაზისო სცენარით წლის ბოლომდე განაკვეთი დაახლოებით 8%-ის ფარგლებში იქნება შენარჩუნებული.
„ჩვენი გათვლებითაც, წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულზე დაბალია და პროგნოზით უახლოვდება სამიზნეს და მცირედით შეიძლება გადააჭარბოს კიდეც.
ხოლო რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ჩვენი პროგნოზია, რომ ის წლის ბოლომდე დაახლოებით იგივე დონეზე დარჩება. როგორც ყოველთვის გასათვალისწინებელია, თუ საერთაშორისო მასშტაბით რა განაკვეთები იქნება. თუ დავაკვირდებით აშშ-ს ეკონომიკის დინამიკას, ბოლო პერიოდი გაზრდილია რეცესიის ალბათობა. ასევე გაზრდილია განაკვეთის შემცირების მოლოდინები. თავისთავად რეცესია დადებითი ფაქტორი არ არის, თუმცა რეცესიული სცენარის გარეშე თუ განაკვეთები უფრო შემცირდება, ეს ლარისთვისაც პოზიტიური ფაქტორია.
ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში სებ-ის მხრიდან ხდება უფრო მეტი ფოკუსის გაკეთება სხვადასხვა სცენარის განვითარების შესაძლებლობაზე. რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბიზნეს სუბიექტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, რომ არამხოლოდ საბაზისო სცენარით არამედ სხვადასხვა, ალტერნატიული სცენარები განიხილონ“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.
უახლესი