დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აპრილიდან ავტომობილების იმპორტზე მოთხოვნის ზრდას ველოდებით - Caucasus Auto Import

აპრილიდან ავტომობილების იმპორტზე მოთხოვნის ზრდას ველოდებით - Caucasus Auto Import

12-03-2025 17:00:00

მარტი-აპრილიდან ავტომობილების იმპორტიორ კომპანია Caucasus Auto Import-ში ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდას ელოდებიან. როგორც Business Insider Georgia-სთან Caucasus Auto Import-ის კომერციულმა დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განაცხადა, დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით ავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად მცირდება. 

„ზოგადად ავტომობილების იმპორტს მცირედი სეზონურობა ახასიათებს და დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ამ ბიზნესისთვის ყველაზე ცუდი პერიოდია. სამომავლოდ კი მოთხოვნის ზრდას ველით. ზოგადად ყოველ წელს ტენდენცია მეორდება, რომ დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ყველაზე ცუდი პერიოდია, ამ დროს მოთხოვნას ყოველთვის მიწოდება აჭარბებს. ეს ავტო ბაზრობაზეც კარგად იგრძნობა და საბაჟო ტერმინალებზეც. თუმცა მარტიდან, აპრილიდან უკვე მოთხოვნის ზრდას ველოდებით“ - აღნიშნა Caucasus Auto Import-ის კომერციულმა დირექტორმა.

ალექსანდრე ვეკუას თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა სხვა ტიპის ავტომობილებზეა, ხოლო რეექსპორტზე მოთხოვნა ადგილობრივისგან განსხვავებულია. 

„მოთხოვნას გავყოფდი ორ ნაწილად, ერთია ადგილობრივი მოთხოვნა , ხოლო მეორეა რეექსპორტზე არსებული მოთხოვნა. მოგეხსენებათ, რომ საქართველო საავტომობილო ჰაბია და რეექსპორტზე სხვა მოთხოვნებია. 

საქართველოში ძირითადად დაბალ ძრავიანი, ჰიბრიდული და შედარებით ეკონომიური, დაბალბიუჯეტიანი ავტომობილებია მოთხოვნადი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ავტომობილები 10 ათას დოლარამდე.

რეექსპორტის მხარეს კი 1-დან 5 წლამდე 15 ათასი დოლარიდან ზემოთ ღირებულების ავტომობილები. რეექსპორტზე ელექტრომობილებზე და ჰიბრიდებზე ნაკლებია მოთხოვნა.

ელექტრომობილები და ჰიბრიდები უფრო მოთხოვნადია ადგილობრივ ბაზარზე“, - აღნიშნა Caucasus Auto Import-ის კომერციულმა დირექტორმა.

მისი თქმით, რეექსპორტის შემთხვევაში შედარებით ახალ ავტომობილებზე მოთხოვნას რეგულაციები განსაზღვრავს. „ის საბაჟო კანონმდებლობაა ისეთი, რომ ადამიანებს უბიძგებს, რომ შედარებით ახალი ავტომობილები იყიდონ. სხვა შემთხვევაში იმდენად ძვირია განბაჟება, რომ იმპორტს აზრი ეკარგება“, - აცხადებს“, - აცხადებს ვეკუა.

Caucasus Auto Import-ის კომერციული დირექტორის განმარტებითვე, საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით პრაქტიკულად გაორმაგებულია. „საუბარია მეორად ავტომობილებზე. მოგეხსენებათ ჩვენ ძირითადად მეორადი ავტომობილები შემოგვყავს და ეს ავტომობილები შემოგვყავს აშშ-დან. თუმცა რაოდენობრივად ეს არ არის ათასობით. ჩვენს შემთხვევაში 1200-1300 ელექტრომობილი გვყავს ჯამში შემოყვანილი 2024 წლის განმავლობაში“, - ამბობს ალექსანდრე ვეკუა. 

რაც შეეხება ფასებს, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ფასები ყოველთვის მოთხოვნა მიწოდებაზეა დამოკიდებული.

„2024 წელს 2023 წელთან შედარებით შედარებით გაიაფდა ავტომობილები, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ მოთხოვნა შემცირდა. პირიქით, მიწოდება გაიზარდა.

ჩვენ გვახსოვს, რომ პანდემიის შემდეგ ახალ ავტომობილებზე დეფიციტიც კი შეიქმნა. 2022 წლის ბოლომდე პრაქტიკულად დეფიციტი იყო და მხოლოდ 2023 წელს აღდგა. ამან კი გამოიწვია ის, რომ მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა ხელოვნურად გაიზარდა, ვინაიდან თქვენ ახალ ავტომობილს ვერ ყიდულობთ გიწევთ მეორადი ავტომობილის შეძენა. ან მეორადი ავტომობილი თუ გყავთ და ახლით ვერ ანაცვლებთ, მაშინ ამ მეორადს აღარ ყიდით. ამ ყველაფერმა კი თავის დროზე ავტომობილებზე ფასები რადიკალურად გაზარდა. 2022 წელს ფასები 20-40%-ითაც კი იყო გაზრდილი. 2023 წელს ფასებმა ქვემოთ ჩამოსვლა დაიწყო და ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა. 2024 წლის ბოლოს კი პრაქტიკულად თავის ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა“, - აცხადებს Caucasus Auto Import-ის კომერციული დირექტორი.

წლების განმავლობაში Caucasus Auto Import-ი ამ ბაზრის საკმაოდ წარმატებულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რომელსაც კრიზისების მართვის დიდი გამოცდილებაც გააჩნია. 

„Caucasus Auto Import-ს გააჩნია ამ ბიზნესში ოპერირების 21 წლიანი გამოცდილება. ამერიკიდან იმხელა გზა არის, რომ მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, გამოცდილებას, კრიზის მენეჯმენტს და ასე შემდეგ. წელიწადი არ გავა, რომ ლოგისტიკის მიმართულებით რაღაცა ტიპის გამოწვევა არ იყოს. მიმდინარე პერიოდიც, რომ ავიღოთ 5000-ზე მეტი კონტეინერია ამ წუთას თურქეთში ჩარჩენილი საქართველოსკენ მომავალი. ეს გამოიწვია იმან, რომ დაახლოებით 1 თვის წინ ფოთში შტორმი იყო და პორტმა ვერ მიიღო გემები დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ კი თურქეთში დაიწყო შტორმი და იქაც დაახლოებით 10 დღით გაჩერდა ყველაფერი. ანუ დაახლოებით 20 დღეში დაგროვებული ტვირთი ახლა თურქეთშია და ერთგვარი სასაფლაო მოაწყვეს კონტეინერების. ამას ემატება ისიც, რომ პირველად უნდა გავიდეს მალფუჭებადი პროდუქცია და მოგეხსენებათ ავტომობილები მალფუჭებადი არაა. თუმცა ჩვენ ამ კრიზისიდან ყველაზე მარტივად გამოვედით, რადგანაც დივერსიფიცირებული ვართ და ფოთისკენ მიმავალი გემები დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ ბათუმის პორტისკენ გადმოვამისამართეთ. აქ კონტეინერების გახსნათ ჩვენთვის დივერსიფიცირებულია და ბევრად სწრაფად მოვახდინეთ. ჩვენს შემთხვევაში ეს კრიზისი გადალახულია და სხვებთან ეს კრიზისი ისევ დგას“, - აცხადებს ალექსანდრე ვეკუა.


 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები