დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საზღვაო მარშრუტის ცვლილებამ, იაპონიაში კივის ექსპორტი 20%-ით გაგვიძვირა - „ნერგეტა“

საზღვაო მარშრუტის ცვლილებამ, იაპონიაში კივის ექსპორტი 20%-ით გაგვიძვირა - „ნერგეტა“

10-01-2024 19:00:00

წითელ ზღვაზე შექმნილი პრობლემების გამო, იაპონიის ბაზარზე კივის ექსპორტი 20%-ით გაგვიძვირდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ნერგეტას“ დირექტორმა კოტე ვეკუამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქართული კივის იაპონიის ბაზარზე გადატვირთვა ჯერ არ მომხდარა.

„7-მა კონტეინერმა გადალახა წითელი ზღვა ვიდრე სროლები დაიწყებოდა. მეორე ნაწილი 6 კონტეინერი საზღვაო კომპანიას აფრიკის გარშემო შემოვლითი მარშრუტით მიაქვს, რაც გადაზიდვებს კიდევ 15 დღით ახანგრძლივებს“, - ამბობს „ნერგეტას“ დირექტორი.

მისი თქმით, მარშრუტის ცვლილების გამო საზღვაო კომპანიამ, პროდუქტის გადაზიდვის საფასური გაზარდა. შესაძლოა, ტარიფი კიდევ გაიზარდოს. „1050 დოლარის დამატებით გადახდა მოგვიწევს თითო ორმოცტონიან კონტეინერზე. დაახლოებით 20% -ზე გაგვიძვირდა გადაზიდვის ტარიფი“.

მეწარმის ინფორმაციით, „ნერგეტას“ კივით დატვირთული 13 კონტეინერი კვლავ გზაშია. „რა მდგომარეობაში ჩავა იაპონიის ბაზარზე პროდუქტი, პროგნოზირება რთულია, რადგან მარშრუტმა გადაზიდვის ვადა 15 დღით გახანგრძლივდა“, - ამბობს კოტე ვეკუა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ექსპორტის გარდა, პრობლემები შეექმნება იმპორტს, რადგან საქართველოში ჩინეთიდან პროდუქცია ძირითადად საზღვაო გზით, წითელი ზღვის გავლით შემოდის.

იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ ისრაელ-ღაზის ომში პალესტინელებს უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც ისრაელისკენ მიემართება.

ცნობილია, რომ წითელი ზღვა მსოფლიოში საწვავის და ტვირთების გადაზიდვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია.

იგივე თემაზე: 

წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო, ქართული კივის ექსპორტი შეფერხდა - „ნერგეტა“

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები