შავი ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით ინფორმაციამ საზღვაო კურორტებზე ტურისტების აქტივობა შეამცირა. ირკვევა, რომ საზღვაო კურორტებზე მიმდინარე ტენდენცია მაინც და მაინც სახარბიელო არ არის. როგორც Business Insider Georgia- თან რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, მთას, ზღვასთან შედარებით, წელს მეტი დამსვენებელი ეყოლება.
„საზოგადოება მიეჩვია პრობლემით ცხოვრებას, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. დროსა და სივრცეში წარმოუდგენელია, რომ დაბინძურების კუთხით ამ მომენტში საფრთხე არსებობდეს. ასე სწრაფად, ათასობით კილომეტრის დაშორებით დაბინძურების რისკი მინიმალურია. 3-4 წელი დასჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ფილტრაცია, შეიძლება დაბინძურებამ ჩამოაღწიოს, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. სამწუხაროდ, ჯავშნების გაუქმება მოხდა საზღვაო კურორტებზე, ამითაც აიხსნება, რომ გარკვეული შიში არსებობს დამსვენებლების მხრიდან, ფსიქოლოგიური განწყობაა. ამიტომ მთას, ზღვასთან შედარებით, მეტი დამსვენებელი ეყოლება. სამთო კურორტებზე ჯავშნები მომატებულია კიდეც, ეს არის ფსიქოლოგიური წნეხი ", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.
ცნობილია, რომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სარფი ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეორიოლოგიური კვლევები ჩაატარა. დადგინდა, რომ ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და იგი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
უახლესი