პანდემიამდე ჩვენთან ძალიან ცოტა ევროპელი სტუმარი მოდიოდა, მაგრამ პანდემიის შემდეგ ევროპელმა ტურისტებმაც უფრო დაიწყეს შემოსვლა, რაც ძალიან კარგია რადგანაც საბოლოო ჯამში გვინდა, რომ ფოკუსი გავაკეთოთ ევროპაზე და ევროპულ ქვეყნებზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Sputnik Hotel Batumi-ს ოპერაციების მენეჯერმა ასლან კახიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, დღეს სასტუმროში შესული ჯავშნებიდან ძირითადად უცხოური ქვეყნები ლიდერობენ, მათ შორის კი არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი და ირანი. რაც შეეხება ევროპელ სტუმრებს, მათი რაოდენობა სასტუმროში გაზრდილია და 2023 წლის მაჩვენებლებით საერთო სტუმრების 40-50%-საც კი მიაღწია.
„სასტუმროში ამჟამად 152 ნომერი და 3 რესტორანი გვაქვს. გვაქვს ასევე 1 დიდი საკონფერენციო სივრცე და 2 პატარა საკონფერენციო ოთახი. ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს აქტიურად ვთავაზობთ სარესტორნო მომსახურებას, ღია და დახურულ აუზებს. ასევე გაქვს სპა.
უცხოური ჯავშნებიდან ლიდერობენ არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი და ირანი. გეტყვით, რომ ირანი, რომელიც წლების უკან ტოპ-ვიზიტორებში იყო, ახლა კი თანდათან იზრდება.
2014-2015 წლებში ირანული ბაზარი ძალიან აქტიურობდა. ჩვენი თითქმის ყველა სტუმარი ირანიდან იყო. ირანელი ტურისტების შემომყვან სააგენტოებზე ბლოკებადაც კი გვქონდა ნომრები გაყიდული.
რაც შეეხება სტუმრებს ისრაელიდან, იცით, რომ ომის დაწყების პერიოდში თითქმის ყველა ჯავშანი გაუქმდა და ახლა, რომ გითხრათ ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდაო ტყუილი გამომივა. კი გააქტიურდა, მაგრამ იმ მაჩვენებლებზე არ ასულა, რაც ომის დაწყებამდე იყო“, - ამბობს ასლან კახიძე.
მისივე განმარტებით, მიმდინარე ეტაპზე შარშანდელთან შედარებით Sputnik Hotel Batumi-ში ჯავშნების რაოდენობა გაზრდილი არ არის, 3-4%-იანი კლება ფიქსირდება.
„დატვირთულ სეზონს ველოდებით, თუმცა არ ვთვლით, რომ 100%-იან დატვირთულობაზე ავალთ, რადგანაც არსებული სურათი ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს. სადღაც 70-80%-იანი დატვირთულობა გვექნება ივლის-აგვისტოში, განსაკუთრებით კი აგვისტოში როცა ყველაზე ცხელი სეზონია“, - ამბობს სასტუმროს ოპერაციების მენეჯერი.
როგორც Sputnik Hotel Batumi-ს მენეჯერი ამბობს, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვამდე, ხდება კონკრეტული ბაზრების შესწავლა, თუ რა მოთხოვნილებებია და რა მოსწონთ მათ. და ამის შემდეგ იწყება შესაბამის მარკეტინგულ კამპანიები.
„ძირითადი ჩვენი მარკეტინგული ხერხი, რათა უფრო მეტს გავაცნოთ ჩვენი სასტუმრო, ეს არის უცხოეთში სარეკლამო კამპანიის გაშვება“, - ამბობს კახიძე.
ირკვევა, რომ წელს Sputnik Hotel Batumi-ს მომსახურების ტარიფები ოდნავ შემცირებულია, რასაც მენეჯმენტში მოთხოვნის შემცირებას უკავშირებენ. დღეისათვის აგვისტოს თვეზე ჯავშნის მინიმალური ღირებულება 70 დოლარის ეკვივალენტი ლარია.
სასტუმროს მენეჯმენტს 2012 წლიდან კომპანია „დელტა ჯორჯია“ ახდენს, რომელიც ზრუნავს სასტუმროს განახლებაზეც, ასლან კახაძის თქმით, სასტუმროს განახლების პროცესი ყოველწლიურად ხდება და ეს საჭირო პრეცესია.
სასტუმრო Sputnik მდებარეობს აჭარის რეგიონის ქალაქ ბათუმში, 2 კმ-ის დაშორებით სანაპიროდან და ქალაქის ცენტრიდან. სასტუმროდან იშლება შავი ზღვისა და ქალაქის უნიკალური პანორამული ხედი. სასტუმროს უჭირავს 9308 მ2 ტერიტორია, გარშემორტყმულია ულამაზესი ტროპიკული ბაღით , რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის.
სასტუმრო Sputnik გთავაზობთ უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს და მომსახურების მაღალ სტანდარტებს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა