საპენსიო დანაზოგის მაღალრისკიანი ინვესტირება მოხდება ცნობილი კომპანიების აქციებში, მათ შორის არიან „ეფლი“, „სამსუნგი“, „ნესტლე“, „ტოიოტა“, „გუგლი“, „ლუი ვიტონი“, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს ეროვნულ ბანკში გამართეს შეხვედრა.
„გვსურს, განვმარტოთ, რომ ჩვენ მაღალი რისკის პორტფელს ვუწოდებთ მზარდ პორტფელს, რადგან მასში საპენსიო დანაზოგის განთავსება საუკეთესო შესაძლებლობაა გრძელვადიან პერიოდში დამატებითი მოგების მისაღებად.
აღნიშნული მზარდი (მაღალრისკიანი) პორტფელი გულისხმობს მონაწილეების დანაზოგების 55%-ის დოლარში ინვესტირებას, მათ შორის, ისეთი კომპანიების აქციებში, როგორიცაა: „ეფლი“, „სამსუნგი“, „ნესტლე“, „ტოიოტა“, „გუგლი“, „ლუი ვიტონი“ და ა.შ.
საპენსიო აქციები იქნება გადანაწილებული ათასობით სხვადასხვა კომპანიაში და სხვადასხვა რეგიონის დონეზე (აშშ, ევროპის განვითარებული ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, აზიის განვითარებული ქვეყნები და ლათინური ამერიკის მსხვილი ქვეყნები).
ამავდროულად, მზარდ პორტფელში იქნება ქართული სახაზინო ობლიგაციები და ქართული საბანკო დეპოზიტები პორტფელის 45%. უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეების დანაზოგები არა მხოლოდ ამ საინვესტიციო პორტფელების დონეზე, არამედ საქართველოს კანონით რეგულირდება. საპენსიო დანაზოგებს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო და მას ზედამხედველობს და რეგულირებას უწევს ეროვნული ბანკი“, – განაცხადა გოგა მელიქიძემ.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა კანონი საპენსიო სააგენტოს ავალდებულებდა, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები დაებანდებინა მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ახლა სავალდებულოა, მოქალაქემ თავად შეაფასოს რისკები თანხის დასაბანდებლად. 6 სექტემბრამდე დასაქმებულებმა უნდა აირჩიონ, სად დააბანდონ დაგროვებული საპენსიო თანხა - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელებში.
უახლესი
13 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება1 დღის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად