დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე „ფრუტერას“ საწარმომ მზის ენერგიაზე დაიწყო  მუშაობა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე „ფრუტერას“ საწარმომ მზის ენერგიაზე დაიწყო მუშაობა

13-05-2024 10:30:00

ელექტროენერგიის ხარჯის დაზოგვით ვცდილობთ შევამციროთ პროდუქციის თვითღირებულება. დავამონტაჟეთ 40 კილოვატი სიმძლავრის მზის პანელები და ახალი სეზონიდან განახლებადი ენერგიით განვაგრძობთ წარმოებას, - ამის შესახებ Business Insideer Georgia-ს საოკუპაციო ხაზთან მდებარე ჩირის საწარმო „ფრუტერას“ დამფუძნებელმა დავით გელუტაშვილმა განუცხადა.

„ფრუტერა“ განახლებადი ენერგიის გამოყენებით, წარმოებისთვის საჭირო ელექტროენერგიის 40-50%-ს დაზოგავს.

ჩირის მწარმოებელი საწარმო მიმდინარე სეზონზე სხვა სიახლეებსაც გეგმავს.

„ახალი სეზონიდან განახლებული შეფუთვით შევიტანთ პროდუქციას სხვადასხვა მარკეტებში. გვაქვს მოლაპარაკება „ზღაპართან“, „აგროჰაბთან“, „ნიკორასთან“ და იმედი გვაქვს, რომ ახალი სეზონიდან ახალი შეფუთვით 20-მდე პროდუქტის შეტანას შევძლებთ სუპერმარკეტებში. შესაძლოა, დავამატოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც ქართლში არ გვაქვს. ესაა ხურმის ჩირი, ლეღვის ტყლაპი და სხვადასხვა პროდუქტები“, - ამბობს დავით გელუტაშვილი.

როგორც საწარმოს დამფუძნებელი ამბობს, ცნობადობის პარალელურად „ფრუტერას“ გაყიდვები იზრდება.

„გვყავს მუდმივი მომხმარებელი. გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა და გაყიდვები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. წელს წარმადობას 100%-ით გავზრდით“, - ამბობს დავით გელუტაშვილი.

„ფრუტერამ“ პირველი პროდუქცია ბაზარზე 2022 წელს გამოიტანა. დავით გელუტაშვილმა 2022-2023 წელს ჩირი და ტყლაპი საკუთარ ბაღებში მიღებული მოსავლით დაამზადა, თუმცა მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლა წარმოების გაფართოებას გეგმავს.

მეწარმეს ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად 10 დასახელების ტყლაპი და ჩირი გამოაქვს. მისი თქმით „ფრუტერას“ წარმოება 100%-ით ნატურალურია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები