თვეზე მეტია საქართველოში წისქვილკომბინატები გაჩერებულია და ფქვილის ადგილობრივი წარმოება აღარ ხდება. ქვეყანა სრულად არის ფქვილზე იმპორტდამოკიდებული, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთიდან შემოდის. ამ ფონზე კი ადგილობრივი წარმოება გაჩეერებულია და შესაბამისად, იქ დასაქმებულებიც უმუშევრად არიან დარჩენილები.
Business Insider Georgia-ს ინფორმაციით, გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის შეხვედრა შედგა, სადაც არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ადასტურებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა, რომელიც Business Insider Georgia-ს ამბობს, რომ შეხვედრა შედგა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
„შეხვედრა ნამდვილად შედგა. სამწუხაროდ პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა. გვაქვს განსხვავებული პოზიცია სამინისტროსა და ასოციაციას. სამინისტროს, მთავრობას მიაჩნია, რომ წისქვილკომბინატების ამუსავების შემთხვევაში ქვეყანაში პურის გაძვირების რისკი ვერ დაიზღვევა. ასოციაციას კი თვლის, რომ მათ მიერ წარდგენილი პროგრამა აზღვევს როგორც პურის გაძვირების რისკს, ასევე ფერმერებისგან ხორბლის მიღებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, რომ დღეისათვის არანაირი საშიშროება არ არის იმისა, რომ პურის ფასმა მოიმატოს.
„ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება, თუ შარშანდელს შევადარებთ, 10-15 ლარით ნაკლებია. მიმდინარეობს შეკრებები იმისთვის, რომ საკვებ პროდუქტებზე, მით უმეტეს, პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასებმა დაიკლოს. არის მოლოდინი, რომ პურის ფასიც შემცირდეს, მაგრამ ამას მუშაობა და დრო სჭირდება.
საქართველოს წელიწადში 800 000 ტონა ფქვილი სჭირდება. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ ხორბლის მწარმოებლები, მხოლოდ მომხმარებლები ვართ.
შარშან, პირველად, ფასების გაზრდის გამო, საქართველოში ადამიანებმა ხორბლის წარმოება დაიწყეს და 150 000 ტონა მოიყვანეს. ტენდენცია ასე უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ქართველი მეწარმეების ზარალს, გლეხი ყველაზე კარგი ეკონომისტია. მაშინ, როდესაც ხორბალი 1 ლარი და 10 თეთრი ღირდა, მათ არ ჩააბარეს პროდუქტი და გაძვირებას დაელოდნენ. ამასობაში, ფასი კლებისკენ წავიდა. რა თქმა უნდა, ის, ვინც შრომობს, არ უნდა დაზარალდეს, მაგრამ თავდაცვის მექანიზმებიც არსებობს, მაგალითად, როგორიც დაზღვევაა.
თუ ხორბლის ფასთან მიმართებით პურის ფასმა არ დაიკლო, ამ ფასზე ფოკუსირება კარგ შედეგს არ მოგვცემს. პური უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც ღირს. დღეს არანაირი საშიშროება არ არსებობს იმის, რომ პურის ფასმა მოიმატოს, პირიქით, მუშაობენ იმისთვის, რომ დაიკლოს კიდეც“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე.
წისქვილკომბინატების გაჩერების ფონზე კი ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც ხორბლის მოყვანით არიან დაკავებულები პროდუქციას ვეღარ ყიდიან.
საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით კი დაახლოებით 40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება. ამას ემატება ახალი მოსავალი, რომელიც 2 თვეში უნდა მიიღონ, თუმცა, რადგანაც საწყობები გადავსებულია არც ის იციან, სად წაიღონ ახალი მოსავალი.
საქართველოში რუსული ხორბლის საექსპორტო ბაჟით შემოტანის გამო, ხორბლის იმპორტი შემცირდა. ბიზნესი ფქვილის იმპორტზე გადავიდა, რომელზეც რუსეთიდან ექსპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს. ხორბლის იმპორტი შეჩრდა და ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩრდა, ადგილობრივი ფერმერები კი ხორბალს ვერ ყიდიან, რის გამოც საგაზაფხულო სამუშაობის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშაა..
ამ ფონზე ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას მიმართა და საკითხის გადაწყვეტის მიზნით ფქვილის იმპორტზე საპასუხო გადასახადის დაწესება მოითხოვა, რადგან ეს ხორბლისა და ფქვილის იმპორტს თანაბარ პირობებში ჩააყენებს, შედეგად წისქვილები ამუშავდებიან, ფერმერების კი ხორბლის ჩაბარებასა და საჭირო სამუშაოების შესრულებას შეძლებენ, რათა ახალ სეზონზე ხორბლის ახალი მოსავალი მიიღონ.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა