საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზრის მოცულობა 19,52%-ითაა შემცირებული.
სიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2 507,126 ტონა შეადგინა,
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 115,126 ტონა. შესაბამისად კლება 19,52%-ია. 2023 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-თებერვალში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 25,19%-ია.
იმავდროულად 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 8,37%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება 2023 იანვარ-თებერვლის მაჩვენებლების შედარებას 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან კლება 5,57%-ია.
ადგილობრივი სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ის ხელმძღვანელი რატი ძერია საჰაერო სატვირთო გადაზიდვების შემცირებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.
„კლება დაკავშირებულია საკმაოდ ბევრ მიზეზთან. სამგზავრო რეისების მოცულობა გაიზარდა, აქედან გამომდინარე ჩვეულებრივი, არა სასწრაფო ტვირთები მთლიანად ამ მიმართულებაზე გადანაწილდა. ავიაკომპანიებისთვის ეს დამატებითი შემოსავალია და არა ძირითადი ბიზნესი. ამიტომ ბევრად უფრო იაფად შეუძლიათ ტვირთების გადაზიდვა.
საჰაერო სატვირთო გადაზიდვების შემცირების ერთ-ერთი მიზეზია ჩინეთში COVID19-ით ხანგრძლივი კარანტინი. დიდი კომპანიები ტოვებენ ჩინეთს რადგან იქ მრეწველობა შემცირდა და ჩინეთი-ევროპის გადაზიდვებზე ამან სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა.
რა თქმა უნდა ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები. უკვე ვხედავთ რეცესიის შიშებს ევროპაში. ამიტომ ევროპელები ნაკლებს ხარჯავენ შესყიდვებზე. შესაბამისად ევროპას ნაკლები ტვირთები და საქონელი სჭირდება. ამას ემატება საავიაციო ნავთის ფასის ზრდა და არასტაბილურობა.
დღეს საავიაციო ნავთზე ფასები 3 დღეში ერთხელ იცვლება, რაც ძალიან არაპროგნოზირებადსა და არასტაბილურს ხდის გადაზიდვების ბაზარს“, - განმარტავს ძერია.
Easy Charter-ის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ ფონზე მნიშვნელოვნადაა შემცირებული გადაზიდვის ტარიფები.
„გაიზარდა საწვავის ხარჯი, გაიზარდა კომპანიის ხარჯი, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა გადაზიდვის ტარიფები. ტარიფებს ამცირებენ სამგზავრო თვითმფრინავები.
დღეს ჩინეთიდან ევროპაში თუ ტვირთი 1000 კგ-ს აღემატება, 1 კგ-ს წაღება 1,66 დოლარად არის შესაძლებელი, მაშინ როცა 2020-2021 წლებში და 2022 წლის დასაწყისშიც 10-12 დოლარი ღირდა“, - ამბობს ავიაკომპანიის ხელმძღვანელი.
უახლესი