დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკრებულოში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართა

საკრებულოში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართა

05-02-2024 17:26:00

თბილისის საკრებულოში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა, მან ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ზამთრის სკოლის მონაწილე სტუდენტებს წარმატება უსურვა. „ზამთრის სკოლის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ პროექტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია.

ახალგაზრდების მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კი - უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს წევრების გამოცდილება დაეხმარება სტუდენტებს მეტი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ. სწორედ ამიტომ შეხვედრას ესწრებიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიებაზე სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, კი დედაქალაქის საკრებულოს მუშაობის სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ ისაუბრა.

ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია ესწრებოდა. ზამთრის სკოლა 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება,  სალექციო დღეებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ზამთრის სკოლის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგებიან დარგის ექსპერტები და სხვადასხვა ქალაქის მერები.

თემატიკა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: „მუნიციპალური სამართლის საფუძვლები“; „მუნიციპალიტეტების განვითარების ხედვა“; „ადგილობრივი თვითმმართველობის ჰერალდიკური ნიშნები“ და სხვა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია 200-ზე მეტმა მსურველმა გაიარა, რომელთაგან კომისიამ 35 მონაწილე შეარჩია, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან არიან. ზამთრის სკოლის მხარდამჭერია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები