ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ჯეინის თოჯინები“ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. პროდუქცია მზადდება სრული სტანდარტების დაცვით, ბუნებრივი, ანტიალერგიული მასალებისგან და სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის. კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, Business Insider Georgia დამფუძნებელს, ჯეინ გომურაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მოთხოვნა სათამაშოებზე მზარდია, ასორტიმენტი კი მრავალფეროვანი. რიგი სათამაშოები განსაკუთრებული მოთხოვნით გამოირჩევა.
„ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ძირითადი სათამაშო, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა არის თოჯინა საკუთარი გარდერობით - ასე დავარქვით. ეს არის თოჯინების ხაზი, რომელსაც მოჰყვება გამოსაცვლელი ტანისამოსი, საწოლი, გარდერობი და საკიდები ანუ სხვადასხვა ნივთები შედის კომპლექტაციაში. მომხმარებელი, როგორც ირჩევს და რაც სურს ამის მიხედვით. გარდა ამისა, გვაქვს ცხოველები ძალიან ბევრი სახის. 100-ზე მეტი მოდელი გვაქვს ალბათ დამზადებული. შეძენა ხდება ონლაინ პლატფორმით“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ჯეინ გომურაშვილი.
მისი თქმით, „ჯეინის თოჯინები“ აქტიურად იყიდება ისეთ ონლაინ პლატფორმაზე, როგორიცაა ETSY.
„არსებობს ასეთი პლატფორმა ETSY, რომელიც არის მსოფლიოში მესამე- მეოთხე. ეს არის სპეციალურად ხელნაკეთი ნივთების პლატფორმა. ამ პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ დარეგისტრირდეს. საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გამიგზავნია ნივთები, ამას არ აქვს საბითუმო დატვირთვა, უფრო საცალო გაყიდვებია. ზოგადად, უცხოეთში ბევრად ფასობდა ხელნაკეთი სათამაშოები. საქართველოში თავიდან ძალიან გაუჭირდა, თუმცა ამ ბოლო დროს მიმაჩნია, რომ ქართველმა მომხმარებელმა ისწავლა შეფასებაც და დაფასებაც. ზოგადად, ყველას ჰგონია, რომ როცა კონკურენცია იზრდება ცუდია, მაგრამ მე ვთვლი, რომ პირიქით კარგია. იმიტომ, რომ ელემენტარულად მარტო შენ აღარ ზრუნავ ამ რაღაცის რეკლამირებაზე, სხვებიც ზრუნავენ და მომხმარებლამდე მიდის ინფორმაცია და მეორე ის, რომ მომხმარებელს აქვს უკვე შედარების საშუალება. თუ კარგად აკეთებ შენს საქმეს ძალიან გეხმარება“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ჯეინ გომურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია 8 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის დაარსების იდეა საკუთარი შვილისთვის შექმნილ სათამაშოს უკავშირდება. ამის შემდეგ გადაწყვიტა დამფუძნებელმა ამ ყველაფრის საქმედ ქცევა. ჯეინ გომურაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მან საქმიანობა დაიწყო, მსგავსი ტიპის სათამაშოები ქართულ ბაზარზე არ არსებობდა და სწორედ „ჯეინის თოჯინები“ აღმოჩნდა პირველი, ვინც ამ ყველაფერს ხელი შეუწყო.
უახლესი
8 საათის წინ
ბათუმის Hive Tech Hub კომპანიების მისაღებად ემზადება8 საათის წინ
პრემიუმ ხარისხის ლიფტებზე მოთხოვნა გაზრდილია - ICE