დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში წარმოებული ვაშლის ჩიფსები აშშ-ს შემდეგ გერმანიაშიც გაიყიდება - “ჩემპი“ გაფართოებასა და წარმოების ზრდას აანონსებს

საქართველოში წარმოებული ვაშლის ჩიფსები აშშ-ს შემდეგ გერმანიაშიც გაიყიდება - “ჩემპი“ გაფართოებასა და წარმოების ზრდას აანონსებს

26-01-2024 15:00:00

ვაშლის ჩიფსების საწარმო ჩემპი • Champy, რომელის ნაწარმიც  ადგილობრივი ბაზრის გარდა ამერიკაშიც აქტიურად იყიდება გაფართოებასა და საექსპორტო აერალის ზრდას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ჩიფსი „ჩემპის“ მწარმოებელი კომპანიის საოპერაციო დირექტორმა ნონა ნონიაშვილმა განაცხადა, ბრენდი გერმანიის ბაზარზეც გეგმავს შესვლას, სადაც საწყის ეტაოპზე მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი და პროდუქციის რეალიზებას ერთ-ერთი გერმანული ონლაინ-პლატფორმით გეგმავს.

„ჩვენი კომპანია უკვე 3 წელზე მეტია რაც ბაზარზეა წარმოდგენილი და პროდუქციას ვყიდით, როგორც საქართველოს ბაზარზე ასევე აშშ-ში. 

გვაქვს სამი სახეობის ჩიფსი. ჩვენი საწარმო გორის რაიონის სოფელ დიცში მდებარეობს და ჩვენი ერთ-ერთი მისიაა, რომ ადგილობრივ ფერმერებს ხელი შევიწყოთ პროდუქციის რეალიზაციაში და ამიტომ წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს სწორედ მათგან ვყიდულობთ. 

ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილები ვართ ძირითადად თბილისის მასშტაბით და ვაშლის ჩიფსი „ჩემპი“ იყიდება ​Europroduct-ში, Nikora Supermarket-ში, Goodwill-ში, Agrohub-ში, Fresco-ში, SPAR Georgia-ში. 

რაც შეეხება ამერიკის ბაზარზე შესვლას, ექსპორტზე უკვე 2 წელზე მეტია რაც გავედით. ამერიკის ბაზარზე შესვლა საკმაოდ რთული პროცესია, რადგანაც ბევრი რეგულაციაა. ბევრი კვლევები დაგვჭირდა და ასევე ინფორმაციის მოძიება, რასაც შესაბამის ონლაინ წიგნებში ვეძებდით. ჩვენი პარტნიორიც აქტიურად დაგვეხმარა ამ პროცესების გავლაში, წარიმართა დეტალური ლაბორატორიული კვლევები, რათა ამ ბაზარზე შევსულიყავით.

ჩვენი პროდუქტი არის ჯანსაღი სნექი და თან ის ინოვაციური მეთოდით მზადდება, რადგანაც ასეთი ვაშლის ჩიფსები, რასაც ჩვენივე შემუშავებული ტექნოლოგიით ვაწარმოებთ, გლობალურ ბაზარზე არ გვხვდება. ამიტომ „ჩემპი“ დიდი პოპულარულობით სარგებლობს და რა რაოდენობასაც ვაწარმოებთ სრულად ვყიდით.

ჩვენს ვაშლის ჩიფსებზე მოთხოვნა ბევრად უფრო მაღალია, როგორც ამერიკის ისე ევროპის ბაზარზე. სულ ახლახან ვიმყოფებოდით ბერლინში გამოფენაზე, რამაც ცხადყო, რომ ევროპის ბაზარი ჩვენით დაინტერესებულია. ამიტომ გვინდა, რომ უახლოეს მომავალში გავზარდოთ წარმადობა და ეტაპობრივად დავამატოთ ახალი ბაზრები და გაყიდვები აშშ-ს ბაზარზეც გავზარდოთ“,- აცხადებს „ჩემპის“ საოპერაციო დირექტორი ნონა ნონიაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ჩიფსი დამზადებულია შრობის ინოვაციური ტექნოლოგიით მხოლოდ ერთი ინგრედიენტისგან - ვაშლი.

• ვეგანური / VEGAN

• გლუტენის გარეშე / GLUTEN FREE

• შაქრის გარეშე / SUGAR FREE

• GMO გარეშე / GMO FREE

• ცხიმის გარეშე / FAT FREE

რაც შეეხება გაფართოებისათვის და გადაიარაღებისთვის საჭირო თანხების მოძიებას „ჩემპის“ მენეჯმენტი რამდენიმე მიმართულებას ამუშავებს. 

„გადაიარაღებაც გვჭირდება, დანადგარების დამატება და ასევე ავტომატიზაციის ელემენტების შემოტანა. ამ მიმართულებით დაახლოებით 0,5 მლნ-ის ინვესტიცია დაგვჭირდება. საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად კი რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, რადგანაც სახელმწიფოს ამ მიმართულებით ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს“, - აღნიშნავს ნონა ნონიაშვილი, რომელიც ფიქრობს რომ „ჩემპის“ გადაიარაღება/გაფართოებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება. 

საწარმოში, სადაც 13 ადგილობრივია დასაქმებული, 400 000 ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები