ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო დაძმობილების პროექტის „საქართველოს აკრედიტაციის სისტემის გაძლიერება ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებთან მიმართებაში" დასკვნით კონფერენციაში, სადაც დადებითად შეფასდა პროექტის შედეგები, ასევე ყურადღება გამახვილდა სარგებელზე, რაც აღნიშნული პროექტის შედეგად საქართველოს აკრედიტაციის სისტემამ მიიღო.
გენადი არველაძის განცხადებით, ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. მისი თქმით, ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ხარისხის მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას, შედეგად კი ადგილობრივ მწარმოებლებს, შესაძლებლობა მიეცემათ განახორციელონ ან გაზარდოს საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში და ამით ადგილი დაიმკვიდრონ ამ მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ პროექტის მხარდაჭერით, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი გაწევრიანდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა (ILAC) და აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი (IAF). მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში გაცემული სერტიფიკატების ევროპულ და საერთაშორისო აღიარებასა და საქართველოში წარმოებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.
პროექტის დასკვნით კონფერენციაზე ასევე მოხსენება გააკეთეს გერმანიის ელჩმა ერნსტ პიტერ ფიშერმა და იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ, აგრეთვე თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაში დომინიკ პაპენჰაიმმა და გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მოქმედების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელმა ჯულიან ვებერმა.
კონფერენციის მეორე ნახევარი გაგრძელდა პანელური დისკუსიით თემაზე: „აკრედიტაციის როლი გლობალურ ვაჭრობაში". ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ხარისხის ინფრასტრუქტურის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა დაძმობილების პროექტების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისობის შეფასების ორგანოები, სხვადასხვა სამთავრობო უწყებები, ბიზნესასოციაციები, ანალიტიკური ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, როლებიც ატარებენ კვლევებს საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში.
უახლესი
39 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა