დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში 250 ათასზე მეტი აქტიური კომპანია, ბიზნესი ყოველწლიურად ზრდის ბრუნვის მაჩვენებელს - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

საქართველოში 250 ათასზე მეტი აქტიური კომპანია, ბიზნესი ყოველწლიურად ზრდის ბრუნვის მაჩვენებელს - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

15-03-2024 10:00:00

„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა მიმდინარე კვირის ძირითადი ეკონომიკური მოვლენები მიმოიხილა. მიმოხილვის მთავარი აქცენტები რეფინანსირების განაკვეთის 8,25%-მდე შემცირება და 14 მარტს გამართული დიდი კონფერენცია გახდა, სადაც საუბარი ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ამ ბაზრის მონაწილეების გამოცდილების გაზიარება იყო. 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სესხის თითოეული მფლობელისთვის იქნება საინტერესოდ მოსასმენი. საქართველოში 183 ათასზე მეტ ადამიანს გაუიაფდა ლარში სესხი, გამომდინარე სებ-ის გადაწყვეტილებიდან, რომელმაც შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირება სებ-ის მხრიდან ნამდვილად იყო გადაუდებელი აუცილებლობა, ვინაიდან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთაა, ინფლაციური რისკები შერბილებულია და ზოგადად ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. მათ შორის საგარეო შოკებიდან გამომდინარე ინფლაციის ნაწილი არის შემცირებული და ახლა და ამ წუთას ეკონომიკის ზრდის შემდგომი სტიმულირების უზრუნველსაყოფად ნამდვილად აუცილებელი იყო ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება. რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით, 0,75%-ით შემცირდა, რაც ბოლო მონაცემების ფონზე რეკორდულია. 

სებ-ი განაგრძობს ძალიან გაბედული ნაბიჯებით სიარულს, თუმცა იმავდროულად ვხედავთ, რომ სრულად ფლობს სიტუაციას. 

კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი. თეგეტა ჰოლდინგის მონაწილეობით კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თიბისი კაპიტალი. კონფერენციის ორგანიზატორებმა ბაზრის პერსპექტივები და განვითარების ტენდენციები განიხილეს.

კაპიტალის ბაზარზე საკუთარი წარმატებული გამოსვლა მონაწილეებს თეგეტა ჰოლდინგმა გაუზიარა. სწორედ მის სახელს უკავშირდება კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდების გამოშვება და პირველი ფასიანი ქაღალდების ფიზიკური პირებისთვის ლარში გამოშვება. 

თეგეტა ჰოლდინგი ამ თვალსაზრისით არის ნამდვილად ლიდერი კომპანია საქართველოში, ვინაიდან საკმაოდ ხმაურიანი და ამბიციური განაცხადი იყო პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდები გამოშვება, რასაც თეგეტა ჰოლდინგმა საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი. და გუშინდელ კონფერენციაზე სწორედ ეს წარმატებული გამოცდილება იყო გაზიარებული ჰოლდინგის მიერ“, - აღნიშნა  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქტიური კომპანიების მაჩვენებელი წლიდან წლამდე მზარდია. შესაბამისად იზრდება წარმოების მაჩვენებელი და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალიც. 

„დღეს ჩვენი მთავარი თემა არის წარმოების ზრდა, ფასები, საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

მუდმივად საუბარია იმაზე, თუ რამდენი აქტიური კომპანიაა საქართველოში წარმოდგენილი. დღეისათვის საქართველოში აქტიური კომპანიების რაოდენობა 250 ათას აღემატება. რაც მოგეხსენებათ საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ზრდის ტენდენცია არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომელიც ბიზნეს გარემოს სიძლიერეს უსვამს ხაზს.

როდესაც საუბარია აქტიურ ორგანიზაციებზე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აქტიური კომპანიების წარმატებაც. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით ბიზნესი ყოველწლიურად ზრდის საკუთარი ბრუნვის მაჩვენებელს და ორიენტირებულია განვითარებაზე. ასევე საინტერესოა ბიზნესის ბრუნვის ზრდასთან ერთად, როგორ ხდება მისი საზოგადოებაზე ასახვა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ დასაქმების მაჩვენებლებს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ბიზნეს სექტორში დასაქმების მაჩვენებელი იზრდება სოლიდურად. ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში თვითდასაქმების მაჩვენებელი მაღალია თუმცა თავისთავად ცხადია, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის. თუმცა ვხედავთ, რომ დასაქმების მხრივ  ბიზნესის მხრიდან საკმაოდ მზარდი ტენდენციაა. ეს ყველაფერი შემდგომ ითარგმნება მშპ-ში, იმაში თუ რამდენ პროდუქციას ქმნის ქვეყანა.

როდესაც ჩვენ ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარება ყოველთვის ხელს უწყობს ქვეყანაში ფასების ბალანსს.

საინტერესოა საქართველოში წარმოებული პროდუქციის რა მოცულობები ხვდება სხვა ქვეყნებში. ხშირად გვესმის ლეგენდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქმის ქართული პროდუქციის გატანა ხდება მაგალითად, რუსეთში, ან მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე. რეალურად ექსპორტის კუთხით საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი არის ევროკავშირი.

როდესაც ევროკავშირთან ხელი ეწერებოდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, იყო ხშირი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირში პროდუქციას ვერ გაყიდდა, რადგანაც ევროკავშირი იყო შორს. თუმცა საბოლოოდ ვნახეთ, რომ საქართველოს ექსპორტის ნაწილში, ბოლო მონაცემებით, ევროკავშირი ნამდვილად იკავებს პირველ ადგილს“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები