დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სათბურის აირების ინვენტარიზაციის დოკუმენტის განხილვა

საქართველოს სათბურის აირების ინვენტარიზაციის დოკუმენტის განხილვა

11-02-2025 14:01:00

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტის „საქართველოს V ეროვნული შეტყობინებისა და I ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“ (5NC/1BTR) ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეებთან გამართულ შეხვედრაზე სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის დოკუმენტი განიხილეს. 

დოკუმენტი მოიცავს სათბურის აირების გაფრქვევისა და შთანთქმის მონაცემებს 1990-2022 წლებისთვის შემდეგი სექტორების მიხედვით: ენერგეტიკა, მრეწველობა, ნარჩენები, სოფლის მეურნეობა და მიწათსარგებლობა, ცვლილება მიწათსარგებლობაში და სატყეო მეურნეობა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა დოკუმენტის, როგორც  NC/BTR ანგარიშგების მნიშვნელოვან კომპონენტს და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია სათბურის აირების ემისიებისა და შთანთქმის შესახებ შესაძლებელს გახდის შეფასდეს შემარბილებელი ქმედებების შედეგები და მათი წვლილი NDC მიზნების მიღწევაში.

ცენტრის ექსპერტებმა დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევა/შთანთქმის განახლებული მონაცემებისა და ტენდენციების შესახებ. მონაწილეებმა იმსჯელეს მონაცემთა მოპოვების მეთოდოლოგიასა და შემდგომი ინვენტარიზაციების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჯავახიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოსა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე, სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო და კერძო სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „საქართველოს V ეროვნული შეტყობინებისა და I ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“ ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები