დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს

09-07-2024 22:32:00

STEM ინგლისურენოვანი აბრევიატურაა, რომელიც ოთხ მიმართულებას – მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. ეს ის სფეროებია, რომლებსაც ხშირად მომავლის პროფესიებად მოიხსენიებენ.

ახალგაზრდებისთვის განვითარების შესაძლებლობების შესაქმნელად და მათში STEM მეცნიერებების მიმართ ინტერესის გასაძლიერებლად, საქართველოს ბანკმა, კომაროვის სკოლასთან ერთად, მოსწავლეებისთვის პროექტი - STEM სკოლა შექმნა.

რვათვიანი კურსის განმავლობაში, მოსწავლეები სწავლობენ ძირითად საგნებს და ითვისებენ იმ ახალ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ, პროფესიის არჩევასა და კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ. სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებსშესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ. აღსანიშნავია ისიც, რომ საუკეთესო მოსწავლეებს საქართველოს ბანკი სწავლას სრულად უფინანსებს და საჭირო ტექნიკითაც უზრუნველყოფს.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 15 წლის ელისაბედ გეგეშიძეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედმა STEM სკოლის ჯერ მხოლოდ პირველი მოდული გაიარა, უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო.

როგორც ელისაბედი გვიყვება, მან ამ კურსის შესახებ კლასელებისგან გაიგო. თავდაპირველად მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკა აინტერესებდა, თუმცა  შემდეგ STEM საგნების სხვა ტექნიკურმა მიმართულებებმაც გაიტაცა.

“ახლა გაკვეთილებზე ელექტროინჟინერიის საგნებს გავდივართ. STEM  გაკვეთილები სკოლის სტანდარტული პროგრამისგან იმით განსხვავება, რომ  არ არის ზედაპირული – ბევრ სიღრმისეულ და საინტერესო ამოცანებსა და პრობლემებს ვაწყდებით, პრაქტიკულ სამუშაოებსაც გავდივართ და შესაბამისად, სწავლის პროცესიც და ამ ამოცანებისა თუ პრობლემების გადაჭრაც, ძალიან საინტერესო და სახალისოა.”

ელისაბედი, სხვა მოსწავლეებთან ერთად, გაკვეთილებზე საკუთარ ვებგვერდებს აწყობს –  ბავშვები სისტემატურად მუშაობენ რეალობასთან მიახლოებულ დავალებებზე, რომლებიც სამომავლოდ გამოადგებათ. ამბობს, რომ ჯერ ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი სამომავლო გეგმები, თუმცა ზუსტად იცის, რომ STEM  სკოლაში მიღებული ცოდნას ბევრ რამეში გამოიყენებს.

“ჯერ ზუსტად არ ვიცი სკოლის დამთავრების შემდეგ სად ჩავაბარებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკურ მიმართულებას გავყვები. მგონია, რომ ის გამოცდილება, რასაც STEM სკოლაში ვიღებ, ნებისმიერ სფეროში გამომადგება, რომელი პროფესიაც არ უნდა ავირჩიო.”

STEM სკოლაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები არამხოლოდ შორეულ პერსპექტივაში იქნება შედეგიანი, არამედ, მოსწავლეებს ყოველდღიური გამოწვევების დაძლევაშიც დაეხმარება.

“ხშირად მხვდებოდა სტარტაპებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსები, სადაც ჩემი მეგობრები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. მეც სულ მინდოდა ამ გამოცდილების მიღება, მაგრამ რაკი საკმარისი ცოდნა არ მქონდა STEM საგნებში, დიდად ვერ ვერთვებოდი მსგავს წამოწყებებში. ახლა, STEM სკოლის გაკვეთილების შემდეგ, უფრო მარტივად შემიძლია მივიღო მონაწილეობა მსგავს ინიციატივებში”.

რამდენიმეთვიანი გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ელისაბედს საკმარისი თავდაჯერებულობა გასჩენოდა და თავადაც გაებედა კონკურსებში მონაწილეობის მიღება.

“ამჟამად ერთ-ერთ კონკურსში ვმონაწილეობ, სადაც ნახევარფინალშიც გავედი. კონკურსის მიზანი ისეთი ინოვაციური იდეის შექმნა იყო, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში დაეხმარება. ჩემი გუნდის იდეა თევზის ფერმებს ეხება – ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს, ფერმერებისთვის თევზაობის ავტომატიზებული ვერსიით გამარტივებას.”

როგორც უკვე აღვნიშნეთ, STEM აბრევიატურა ოთხ ძირითად საბაზისო სფეროს აერთიანებს, თუმცა მათი მნიშვნელობა და გამოყენება ბევრად ფართო და ამოუწურავია. სწორედ კომპიუტერული ტექნოლოგიები, მათემატიკა თუ ფიზიკა უდევს საფუძვლად თითქმის ყველა თანამედროვე, წამყვან პროფესიას.

სურვილთან და მოტივაციასთან ერთად, განათლების მისაღებად, მნიშვნელოვანია, ამ სურვილში მოსწავლეებს სასწავლო გარემომაც შეუწყოს ხელი. სწორედ ასეთი ჯანსაღი და სასიამოვნო გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკისა და კომაროვის მასწავლებლების მთავარი მიზანი. ელისაბედის მსგავსად, STEM სკოლაში განათლებას ასეულობით სტუდენტი იღებს.

STEM სკოლაში ახალი ნაკადის მიღება შემოდგომაზე იგეგმება, პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა VII – XI კლასის ნებისმიერ მოსწავლეს ექნება. 

საქართველოს ბანკისა და  კომაროვის STEM სკოლის ერთობლი პროექტზე  დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები