საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებზე გამოცდილების გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, სალომე ბაქრაძემ და ვაჟა ფირცხალაიშვილმა, უზბეკეთში, AWS Community Day-ის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და რეგიონის მასშტაბით ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს ბანკში ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტები გააცნეს.
AWS (Amazon Web Services) ამაზონის ღრუბლოვანი სისტემების მიმართულებით ლიდერი პლატფორმაა. AWS Community Day კი იმ კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს, რომლებიც ღრუბლოვან სისტემებზე მუშაობენ. ამჯერად, შეკრება უზბეკეთის დედაქალაქში, ტაშკენტში გაიმართა და მან ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან 400-მდე მონაწილეს უმასპინძლა. საქართველოს ბანკიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სალომე ბაქრაძემ, Master პროგრამის მენეჯერმა და ვაჟა ფირცხალაიშვილმა, DevOps&DataOps სამსახურის უფროსმა.
„ღონისძიებაზე ჩვენ დამსწრეებს წარვუდგინეთ ბანკის სტრატეგიული მიმართულებები ღრუბლოვანი სისტემების კუთხით. გავაცანით Cloud ტრანსფორმაცია, რომელზეც რამდენიმე წელია, ბანკი მუშაობს. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდ Cloud პროვაიდერთან, Amazon-თან ვთანამშრომლობთ და სწორედ ამ კუთხით არსებული მიღწევები გავუზიარეთ აუდიტორიას, გავაცანით კომპანიის მაჩვენებლები, ასევე, ის გამოწვევები, რომლებიც ღრუბლოვან სისტემაზე მიგრაციის პროცესში გადავლახეთ“, - აღნიშნავს ვაჟა ფირცხალაიშვილი.
ღონისძიებაზე სპიკერებმა საქართველოს ბანკის მიერ ღრუბლოვანი სისტემების დანერგვის კუთხით სამი მნიშვნელოვანი მიღწევა მიმოიხილეს. ესენია:
Speech to text ინფრასტრუქტურა - საქართველოს ბანკმა ღრუბლოვანი სისტემების დახმარებით ქოლცენტრის მოდერნიზება შეძლო. ახალი სისტემის დანერგვამდე მომხმარებელთა მხარდაჭერის დეპარტამენტში შემოსული ზარების ანალიზი რთულ პროცედურებთან ასოცირდებოდა. ამიტომ გუნდმა აუდიოფაილები AWS-ის მონაცემების ცენტრში გადაიტანა, სადაც მეცნიერებმა და ინჟინრებმა მანქანური დასწავლის რესურსების დახმარებითა და ქართული ენის მოდელის შექმნით, შეძლეს აუდიოს ტექსტად გარდაქმნა. შედეგად, საძიებო სისტემაში ერთი სიტყვის ჩაწერით შესაძლებელია სრული აუდიოფაილის და მისი ტრანსკრიპტის პოვნა, შემდეგ კი მომხმარებელთა განწყობის ანალიზი, ყველაზე ხშირად ნახსენები საკითხების დადგენა და პრობლემების დროულად იდენტიფიცირება. რაც მთავარია, ქლაუდ სისტემა ამ კუთხით პერსონალური მონაცემების დაცვის უმაღლეს სტანდარტებს ითვალისწინებს.
სარეზერვო დატაცენტრი ქლაუდში- სპიკერებმა აუდიტორიას გააცნეს ახალი სარეზერვო დატაცენტრი ქლაუდში, რომელიც საქართველოს ბანკს მისცემს საშუალებას, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ოპერაციების უწყვეტად მიწოდება უზრუნველყოს.
გეიმიფიკაციის პლატფორმა - საქართველოს ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს მობილბანკში მასშტაბური თამაში შესთავაზა. იგი მთლიანად ღრუბლოვან სისტემაზე იყო დაწერილი და ამ სისტემიდანვე იმართებოდა. ღრუბლოვანმა სისტემამ ბანკს შესაძლებლობა მისცა, აპლიკაციაში ბევრი მომხმარებლის ერთდროულად შესვლისას პროცესები შეუფერხებლად წარმართულიყო.
„ღონისძიება საკმაოდ დატვირთული იყო. აქ იკრიბებიან რეგიონის მასშტაბით ის ადამიანები, რომლებიც AWS-ზე მუშაობენ. ღონისძიება კარგი შესაძლებლობა იყო ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლისა და უშუალოდ AWS-ის წარმომადგენლებისგან რეკომენდაციების მიღებისთვის. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ ასეთ მასშტაბურ კონფერენციაზე, სადაც ძალიან დიდი ინტერესით შეგვხვდნენ, გაიზიარეს ჩვენი გამოცდილება და თავის მხრივ, ღირებული რჩევებიც გაგვიზიარეს“, - აღნიშნა სალომე ბაქრაძემ.
საქართველოს ბანკი აგრძელებს ინოვაციების დანერგვას და იგი მომავალშიც არაერთ სიახლეს შესთავაზებს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ტექნოლოგიურ კომუნას.
უახლესი