საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა გაზრდილია, აცხადებს ტურისტული კომპანია „ბთლ ჯორჯიას“ მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალი ბეთანიშვილი.
„ბთლ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველო მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე უკვე დაბრუნდა.
„წლევანდელი წელი 2019 წელთან შედარებით საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ ბევრი ევროპელი მოგზაური შემოვიდა.
ჩვენი კომპანიის მაგალითზე, რომელიც მაის ტურიზმის (საქმიანი ტურიზზმი) მიმართულებით მუშაობს, ძალიან გაზრდილია ჯგუფების შემოსვლაზე მოთხოვნა. მაღალი რაოდენობაა იმ თვალსაზრისით, რომ ჯგუფების შემადგენლობაში 100, 200 ან 250 ადამიანია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს პერიოდი, განსაკუთრებით მესამე კვარტალში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მომართვიანობა და ვფიქრობთ, რომ საქართველო უკვე დაუბრუნდა ტურისტულ რუკას.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველომ ტურიზმის მხრივ პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე გადაუსწრო და მსოფლიო რუკაზე ღირსებულ ადგილს ვიკავებთ“, - აღნიშნა სალი ბეთანიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.
2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა