დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო სწრაფად ყალიბდება საერთაშორისო ტურიზმის მექად - Wyndham Hotels & Resorts-ის სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანჩაიზ ოპერაციების დირექტორი

საქართველო სწრაფად ყალიბდება საერთაშორისო ტურიზმის მექად - Wyndham Hotels & Resorts-ის სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანჩაიზ ოპერაციების დირექტორი

09-02-2024 17:00:00

საქართველოში Wyndham-ის პირველი სასტუმრო ბათუმში 2016 წელს გაიხსნა და დღეს Wyndham Hotels & Resorts-ის ბრენდი ქვეყანაში 7 სასტუმროს მართავს. კომპანია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში 25-ზე მეტი სასტუმროს თუ რეზიდენციის გახსნას აანონსებს.

საქართველოში Wyndham Hotels & Resorts-ის უკვე განხორციელებულ პროექტებზე და გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანჩაიზ ოპერაციების დირექტორს დევიდ გესტოს ესაუბრა.

- Wyndham-ის ბრენდით პირველი სასტუმრო საქართველოში ბათუმში გაიხანა. როდესაც კომპანიამ საქართველოში ფრანჩაიზის გადაცემა გადაწყვიტა, რა იცოდით საქართველოს შესახებ?  როგორ ფიქრობთ, რამდენად დამაკმაყოფილებელია ტურიზმის განვითარების არსებული დონე და რა პოტენციალს ხედავთ ქვეყანაში?

- საქართველო სწრაფად ყალიბდება საერთაშორისო ტურიზმის მექად. მისი ბუნებრივი სილამაზითა და ისტორიით, ის იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს დაისვენოს ტურისტებით დატვირთული იმ ადგილებიდან შორს, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში გვხვდება. 

ჩვენ თითქმის ათი წელია ვიკვლევთ ქართულ ბაზარს. 2016 წელს გავხსენით პირველი სასტუმრო Wyndham Batumi. ამას მოჰყვა Wyndham Grand-ის გახსნა თბილისში 2019 წელს. 

საქართველო აქამდე დამალული განძივით იყო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ის „გაიხსნა“ და დიდ ყურადღებას იპყრობს საერთაშორისო ტურიზმის სექტორში, რაც იწვევს ქვეყანაში მრავალი სასტუმროსა და ტურისტული პროექტის განვითარებას.

- სასტუმრო Wyndham-ის კიდევ ერთი სასტუმრო იხსნება აჭარაში. კიდევ რამდენ კომპანიასთან აწარმოებს  Wyndham-ი მოლაპარაკებებს ფრანჩაიზის გადაცემის თაობაზე და როგორია კომპანიის შემდგომი გაფართოების გეგმები საქართველოში? 

- ჩვენი ქსელი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. დღეს Wyndham Hotels & Resorts-ს აქვს შვიდი სასტუმრო, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში.

ჩვენი უახლესი დანამატი 2023 წლის ბოლოს არის Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham და Ramada Plaza by Wyndham Batumi. ჩვენი სამომავლო გეგმების ფარგლებში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ვაპირებთ გავხსნათ 25-ზე მეტი სასტუმრო და რეზიდენცია საქართველოს მასშტაბით.

ინვესტორების მხრიდან ინტერესი მუდმივად იზრდება და ამჟამად გვაქვს საკმაოდ მყარი გათვლები, რაც გაზრდის ჩვენს კვალს საქართველოში მომდევნო წლებში. ამ მიმართულებით საქართველოს ფარგლებს მიღმა გვყავს ორი რესურსი დიდი საერთაშორისო გამოცდილებით, სერგეი ეგოროვი, განვითარების დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია დააჩქაროს ჩვენი გაფართოება ქართულ ბაზარზე და მეორე ვარ მე, დევიდ გესტო, სამხრეთ და  აღმოსავლეთ ევროპის ფრანჩაიზ ოპერაციების დირექტორი. ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ მოქმედი სასტუმროების ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერასა და გაუმჯობესებაზე.

 - როგორია დღეს Wyndham Grand Tbilisi სასტუმროს დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი და ვინ არიან მისი სტუმრები?

- უხეშად რომ ვიანგარიშოთ, ამჟამინდელი დაკავებულობის საშუალო მაჩვენებელი 65%-ზე მეტია. ჩვენი საკუთრების მოხმარების ძირითადი ნაწილი საცალო და საბითუმო (ინდივიდუალური და ჯგუფური) სეგმენტებზე გადის. ბოლოდროინდელი მონაცემების გათვალისწინებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სტუმრები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, განსაკუთრებით ისრაელიდან, აშშ-დან, ევროპიდან, შუა აზიის და მეზობელი ქვეყნებიდან. Wyndham Grand Tbilisi ემსახურება ტურისტებს, რომლებიც ეძებენ კომფორტულ და მდიდრულ საცხოვრებელს ხელმისაწვდომ ფასად, რაც მათთვის იდეალური არჩევანია. 

- სასტუმროს მენეჯმენტის მხრიდან რა კეთდება იმისათვის რომ Wyndham Grand Tbilisi-მ მეტი სტუმარი მოიზიდოს? მიმართავს თუ არა სასტუმრო დამოუკიდებელ მარკეტინგულ კამპანიებს მდგრადი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად და როგორია თქვენი სტრატეგია ამ მიმართულებით?

- მიუხედავად იმისა, რომ Wyndham გლობალური ბრენდია, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ თითოეული ადგილი გამორჩეულია და აქვს უნიკალური მახასიათებლები. ცალკეულ მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით. მაქსიმალურად ვიყენებთ სოციალურ მედიას, დაჯავშნის არხებსა და ვებსაიტებს. ამასთან, აქტიურად ვუწევთ პოპულარიზაციას ჩვენი სტუმრების ლოიალობის პროგრამა Wyndham Rewards-ს, ეს არის უნიკალური პროგრამა ქულების დასაგროვებლად და დამატებითი უპირატესობების მისაღებად, რათა თქვენი სამოგზაურო გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო იყოს. 

- როგორია უცხო თვალით დანახული საქართველო? თქვენი აზრით, რამდენად ცნობილია ჩვენი ქვეყანა ევროპაში და რა შეიძლება გაკეთდეს ტურისტული ადმინისტრაციისა თუ კერძო სექტორის მხრიდან ქვეყნის უკეთესად პოპულარიზაციისათვის?

 - საქართველო საკმაოდ ცნობილია და ვფიქრობ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ემიგრანტებს. გარდა ამისა, ბოლო ათწლეულში აღსანიშნავია მცდელობები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის კულტურული სიმდიდრისა და მის მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი მიმართულებების პოპულარიზაციისთვის.

როგორც ქვეყანაში არაერთხელ ნამყოფ ადამიანს, მე მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ქართველი ხალხია, ვინც სტუმრის გამოცდილებას ნამდვილად განსხვავებულს ხდის. საქართველოში ჯერ კიდევ შეგიძლიათ იგრძნოთ ნამდვილი და გულუხვი სტუმართმოყვარეობა და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ უნდა გამოვკვეთოთ მომავალში.

- როგორც Wyndham-ის ევროპელი მენეჯერი, კმაყოფილი ხართ თუ არა ქვეყნის ამჟამინდელი პოპულარიზაციით?

„ყველამ ვიცით, რომ პოპულარიზაცია არასდროს არის საკმარისი, ბაზარზე მყარად დამკვიდრებული ტურისტული დანიშნულებებიც კი დიდ ინვესტიციას ახორციელებენ ამ მხრივ, რათა შეინარჩუნონ პოპულარობა, გააფართოონ წვდომა ახალი ბაზრების/სეგმენტებისა და ახალგაზრდა თაობებისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნამდვილად შეინიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა ქვეყნის პოპულარიზაციაში, რადიკალურად შეიცვალა საქართველოზე აღქმა და ხალხი ახლა უფრო მეტად იცნობს არა მარტო ბათუმსა და თბილისს, არამედ მის ღვინისა და გასტრონომიულ მემკვიდრეობას, მის ხელუხლებლად შენარჩუნებულ ბუნებას. მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფო სტიმული ქართული სასტუმროების საერთაშორისო ბრენდინგისთვის, რაც უზრუნველყოფს გარკვეული ოპერაციულ სტანდარტებს, ასევე აქტივების გაფართოებულ მარკეტინგსა და განაწილებას.

- გეგმავს თუ არა სასტუმრო მომხმარებლისთვის რაიმე სახის ინოვაციის შეთავაზებას და ხედავთ თუ არა დამატებითი სერვისების განვითარების საჭიროებას?

- Wyndham Grand Tbilisi-ის უპირველესი სარგებელი არის სერვისების სიმრავლე, რომელიც ხელმისაწვდომია სტუმრებისთვის ნებისმიერი საჭიროებისთვის, რაც შეიძლება ჰქონდეთ იქ ყოფნის პერიოდში. ამ სწრაფად განვითარებად სამყაროში ჩვენ მუდმივად უნდა განვვითარდეთ და არ ჩამოვრჩეთ ტრენდებს. ბაზარზე კონკურენტუნარიანობის და ბრენდის ლოიალობის გაზრდის მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ და ვავითარებთ Wyndham Green პროგრამას Wyndham Grand Tbilisi-ში. Wyndham Green პროგრამა მოიცავს სამ განუყოფელ კომპონენტს: Wyndham Green Toolbox, Wyndham Green Certification და Wyndham Green Housekeeping. ეს ავტომატურად ნიშნავს უფრო უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოს და მეტ კომფორტს მომხმარებლებისთვის.

- Wyndham Grand Tbilisi Hotel-ის Ming Lounge & Terrace არის World Luxury Restaurant Award-ის გამარჯვებული, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჯილდო სასტუმროსთვის და მენეჯმენტისთვის და არის თუ არა ის ახალი შესაძლებლობების დასაწყისი?

- World Luxury Restaurant Awards არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო მსოფლიოში, ეს ღონისძიება იმართება 2015 წლიდან, ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი ხმას აძლევს მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს. ეს იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია როცა მონაწილეობა გადავწყვიტეთ. ასეთი დასაწყისი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენმა აზიურმა სივრცემ, Ming Lounge Bar & Terrace, მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ფუნქციონირება.

- კონკრეტულად რომელ კატეგორიაში გაიმარჯვა Ming Lounge & Terrace-მა და თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა არის დღეს Ming Lounge & Terrace-ის კონკურენტული უპირატესობა?

- Ming Lounge Bar & Terrace გაიმარჯვა სამ კატეგორიაში: საუკეთესო სუშის მენიუ (Best Sushi Menu Europe) , ევროპის საუკეთესო აზიური სამზარეულო (Best Asian Cuisine Eastern Europe) და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ძვირადღირებული სასტუმრო რესტორანი (Best Luxury Hotel Restaurant Georgia).

Georgia Ming Lounge Bar & Terrace-ის მენიუ აერთიანებს აზიის სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს. მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს იაპონური, ჩინური და კორეული კერძები ერთ სივრცეში. ჩვენი შეფ-მზარეული ტრადიციულ კერძებს უნიკალური ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს და ემსახურება მათ ცნობილი აზიური სადილის ეტიკეტით.

აქვე უნდა ვისაუბრო თავად ტერასაზეც. მისი გამორჩეული პოზიცია გვთავაზობს წყნარ და კომფორტულ ატმოსფეროს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს არის თავისუფლების მოედანთან. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

- როგორია სტუმრების სტატისტიკა Ming Lounge & Terrace-ში და ასევე როგორია სტუმრების გეოგრაფია ?

- ვინაიდან მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც სივრცე  ფუნქციონირებს, სტატისტიკაზე საუბარი რთულია. როგორც სასტუმროსთვის, ასევე ჩვენი რესტორნისთვის, ზაფხული ძალიან დატვირთული იყო. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს დინამიკა გაგრძელდება მთელი ზამთრის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სტუმრების გეოგრაფიული მდებარეობა შეიცვალა, ჩვენი მიზანი იყო უცხოელი და ქართველი სტუმრების პროპორციის გათანაბრება. თავდაპირველად რესტორნის მომხმარებელთა უმეტესობა სასტუმროს უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართველი მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მოხარულები ვართ, რომ ასეთ მოკლე დროში ხალხმა გაიცნო ჩვენი სივრცე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები