დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო რეგიონის ქვეყნებთან ერთად Google-ისა და Amazon-ისთვის ერთობლივი შეთავაზების მომზადებას  განიხილავს

საქართველო რეგიონის ქვეყნებთან ერთად Google-ისა და Amazon-ისთვის ერთობლივი შეთავაზების მომზადებას განიხილავს

20-10-2024 00:02:00

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსებული პირველი ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც  სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს, აქტიურად ითანამშრომლებს იმ სასწავლებლებთან, რომლებიც ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ის ადგილი, სადაც სტუდენტები, ბიზნესი, აკადემია მოყრის თავს.

„დღეის მდგომარეობითაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსი. ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება იმიტომ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი თავის თავში მოიცავს მათ შორის აკადემიურ მიმართულებას, მათ შორის ქუთაისის სხვა უნივერსიტეტების ტექნოლოგიური მიმართულების სტუდენტებს საშუალება ექნებათ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში გააგრძელონ მუშაობა და სწავლა. შესაბამისად ეს იქნება ის ადგილი, სადაც სტუდენტები, ბიზნესი, აკადემია მოიყრის თავს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე რა თქმა უნდა დიდი უპირატესობა იქნება. ჩვენ გაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციების და სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. შესაბამისად ყოველდღიურად იქნება ძალიან საინტერესო აქტივობა და ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთულობა ამ ცენტრის“, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს IT სექტორის განვითარებისთვის აქვს რამდენიმე უპირატესობა. 

„ჩვენი ეკოსისტემა სრულყოფილია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო აქსელერატორის შემოყვანა. ჩვენ სახელმწიფოს ჩართულობით და ამერიკული აქტივების მმართველი წამყვანი კომპანიის ჩამოვაყალიბეთ პირველი ვენჩურული ფონდი და ასე შემდეგ. თუმცა როდესაც რეგიონს ვუყურებთ კონკურენცია საკმაოდ მაღალია, მათ შორის IT კომპანიების მოზიდვის თვალსაზრისით. თუმცა საქართველოს აქვს უპირატესობა არამხოლოდ საგადასახადო ნაწილში, ასევე გვაქვს ძალიან მიმზიდველი ბიზნესის კეთების გარემო. გასულ კვირას გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგი, სადაც TOP 3-ში ვართ სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. თუმცა მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა იმიტომ, რომ ცალკე აღებულ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს რთულია, რომ ისეთი შეთავაზება გააკეთოს დიდი, გლობალური ტექკომპანიებისთვის, რაც მათ მოთხოვნების თვალსაზრისით აქვთ. ეს ეხება მათ შორის ადამიანურ რესურსიც. ამიტომ რეგიონული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ კვირას გახლდით ბაქოში, სადაც უკვე მეოთხედ ტარდება მაღალი დონის კონფერენცია, სადაც რეგიონის ლიდერები როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესი იყო წარმოდგენილი. ძალიან ბევრი საუბარი მიდიოდა იმაზე, მათ შორის ჩვენი მხრიდან, რომ საჭიროა მეტი კოორდინაცია. რომ რამდენიმე ქვეყანამ ერთობლივი შეთავაზება გავაკეთოთ, მაგალითად google-ისთვის, amazon-ისთვის და სხვა. ყველაზე დიდი გამოწვევა და ჩვენი ფოკუსირების საგანი არის ე.წ. ტალანტი, თანამშრომლები, სპეციალისტები, სადაც არის ძალიან დიდი კონკურენცია, მათ შორის ქვეყნებს და კომპანიებს შორის. აქაც იცით, რომ სახელმწიფოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ძალიან კონკრეტული პროგრამები ხორციელდება. 12 ათასამდე სპეციალისტია უკვე ჩვენი პროგრამების ფარგლებში გადამზადებული და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსებული პირველი ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. ასევე, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები