დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სადაზღვევო სექტორი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა - დევი ხეჩინაშვილი

სადაზღვევო სექტორი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა - დევი ხეჩინაშვილი

09-12-2023 09:34:42

საქართველოს სადაზღვევო  ინდუსტრიის საქმიანობის შედეგი პოზიტიურად შეფასდა. საუბარია მიმდინარე წლის 9 თვიან (იანვარი-სექტემბერი) პერიოდზე, რომელიც სადაზღვევო კომპანიებისთვის უმეტესწილად დადებითი დინამიკით ხასიათდება.

თუმცა, როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი Business Insider Georgia - თან აღნიშნავს, შედეგი არ არის საბოლოო და უკვე ერთწლიან ჭრილში შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს.

დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, პანდემიური პერიოდის ჩავარდნის შემდეგ სექტორი ახლა იკრებს ძალებს და რეალურად ის უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნორმალური პროცესია.

„რა მოგებასაც სადაზღვევო ინდუსტრია აჩვენებს, 18 კომპანიისთვის ბევრი არ არის, 818 მილიონიანი ბრუნვაში მოგება 7%-ია. მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, თუმცა დადებითია.  დიდ და პატარა მოგებაზე საუბარი რთულია, თუმცა სტატისტიკურად ციფრებში მოგება ჩანს.

ეს არ არის სრული პროცესი, შედეგს წლის ბოლოს ვნახავთ. რაც დაფიქსირდა, ეს არის ვირტუალური მოგება, რადგან წლის შედეგი ჯერ არ შეჯამებულა. ერთი ფაქტორის არის საყურადღებო,  შარშან ექვსი კომპანია თუ იყო მინუსში, ახლა სამია, მინუსი არ არის დიდი და ეს უკვე კარგი შედეგია.

სადაზღვევო ბაზრის დაახლოებით  20%-იანი ზრდაა იმ ფონზე, რომ განსაკუთრებული ღონისძიებები ჯერ კიდევ არ არის გატარებული და  არც ავტოდაზღვევის შესახებ გამოცხადებულა. ამ ფონზეც იზრდება ინდუსტრია და ეს ცალსახად კარგია. ასეთი მოცემულობა იყო კოვიდამდე და სიტუაცია ახლა  თანდათან ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება.

როცა ბაზარზე ჩავარდნაა და სექტორი თავიდან იკრებს ძალებს, ის უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისი შეფასებით,  ნაწილობრივ ზრდა არის დაკავშირებული მოცვის მასშტაბის მატებასთან, იგივე ჯანდაცვაშიც კი, რომელიც  ძალიან გაჯერებულია, 

„ყველგან პოზიტიური სცენარია. ჯამში, პოზიტიურია, ინდუსტრია თავისი ძალ-ღონით ზრდის ბაზარს, მოცვასაც, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველოდებით, რომელიც კარზეა მომდგარი და ასოცირების ხელშეკრულების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ადამიანების ჩართულობას და დაცულობას სადაზღვევო ურთიერთობებში. კარგია ისიც, რომ ჯანდაცვის მიმართულება იზრდება.  ნებაყოფლობითი ბაზარია, მიდგომა სახელმწიფოს პროგრამებიდან ძალიან მკაცრია, ამ ფონზე კი 12%-იანი ზრდა ცალსახად კარგი შედეგია", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

ცნობისთვის, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 818 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 190,9 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონი ლარი (წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 35 მილიონი იყო).  

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 314,6 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 370,2 მილიონ ლარს.

სადაზღვევო ბაზარზე, დაზღვევის სახეობებს შორის ლიდერი 43,27%-იანი წილით ისევ ჯანმრთელობის დაზღვევაა. 

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები