სადაზღვევო ბიზნესი SOLVENCY II სტანდარტის დანერგვის მოლოდინშია, რაც მსოფლიოში გამჭვირვალობისა და რეგულირების უმაღლესი სტანდარტია. როგორც სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალურ დირექტორი გიორგი ბარათაშვილი განმარტავს, გარდა ამისა საქართველოში არ მოქმედებს დაზღვევის სავალდებულო სახეობები, რაც ბაზრის კიდევ უფრო განვითარებისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა. აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემდეგ კი ალდაგის გენერალური დირექტორის აზრით, საცალო ბაზარი გაიზრდება და დაზღვევის სფეროში მეტი საერთაშორისო ინვესტორი შევა.
როგორი ვითარდება სადაზღვევო სექტორში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სადაზღვევო ბაზარი Business Insider Georgia-სთან სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა ისაუბრა.
- მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებელს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია, მინდა გკითხოთ როგორი მაჩვენებლებით დაასრულა „ალდაგმა“ იანვარ-ივნისი, რა მიმართულებებით იყო ზრდა?
- როგორც ახსენეთ, მარეგულირებლის მიერ 6 თვის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა გვაქვს 3 თვის მონაცემები. პირველი კვარტლის მონაცემებით, ბაზარი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ სადაზღვევო ბაზარი იზრდება და 2023 წელს მოზიდულმა პრემიამ 1 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც ინდუსტრიისთვის კარგი მაჩვენებელია. ინდუსტრიის მომგებიანობა იზრდება და ბაზარი ჯანსაღდება, ტარიფიკაციაც სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად სადაზღვევო ინდუსტრიაც წინ მიდის. რაც შეეხება ალდაგს, პირველი კვარტლის მონაცემებით, ჩვენი კომპანია საკმაოდ გაიზარდა. „ალდაგის“ ბაზრის წილს დაემატა 3%-ი და 30% შეადგინა. ბაზრის კორპორაციულ სეგმენტში მნიშვნელოვანი ზრდა 40% დაფიქსირდა და ზრდის ამ ტემპს გაყვა ალდაგიც. რაც შეეხება საცალო ბაზარს, მთლიანი ბაზრის საცალო გაყიდვები 20%-ითაა გაზრდილი და ალდაგის საცალო სეგმენტის ზრდაც დაახლოებით 20%-ია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტომობილების დაზღვევის სახეობა და ალდაგი ამ სეგმენტშიც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, როგორც მოზიდულის პრემიის, ისე ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით. ჩვენი აქცენტები რჩება უცველი - ინდივიდუალური მიდგომით და სიმარტივით ვცდილობთ მოვემსახუროთ, როგორც კორპორაციულ, ისე საცალო სეგმენტს. ჩვენი სტრატეგია ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა და ყოველ წელს დაახლოებით 200%-იანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. ეს სეგმენტი რამდენიმე წლის წინ თითქმის აუთვისებელი იყო. სადაზღვევო პროდუქტები არ იყო მორგებული მცირე და საშუალო ბიზნესზე. დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებითა და სერვისებით და ვთვლით, რომ რაც უფრო მეტი ძლიერი მცირე და საშუალო ბიზნესი გვეყოლება, ეს ეკონომიკის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ამ მიმართულებით მუშაობას სტრატეგიულად განვაგრძობთ. სიახლე გვაქვს ისიც, რომ წელს ჩვენი საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა და ჩვენი კომპანიის ფინანსური სიძლიერის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best-სგან. AM Best არის მსოფლიო მასშტაბის სარეიტინგო კომპანია, რომელიც გლობალურად 16 ათასზე მეტ სადაზღვევო კომპანიას ანიჭებს საკრედიტო რეიტინგს. გლობალური რეიტინგის ფლობა ნიშნავს, რომ „ალდაგი“ უკვე მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებს.
- სადაზღვევო სექტორის ზრდის მაჩვენებლები ახსენეთ და მინდა გკითხოთ, რა უნდა გაკეთდეს კერძო სექტორის მხრიდან ისე მარეგულირებს მხრიდან, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო გაზარდოს და რამდენად ხელსაყრელია დღეს ქართული სადაზღვევო ბაზარი ინვესტორებისთვის?
ბაზრის ზრდას ინვესტიციების გააქტიურებაც მოჰყვება, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ გვჭირდება SOLVENCY II სტანდარტის დანერგვა, რომელიც გამჭვირვალობისა და რეგულირების უმაღლესი სტანდარტია მსოფლიოში. დღეისათვის ინდუსტრია არის SOLVENCY I- ეტაპზე. SOLVENCY II-ის დანერგვა კი სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, საქართველოში არ მოქმედებს დაზღვევის სავალდებულო სახეობები, რაც ევროპაში, აშშ-ში, აზიის ბევრ ქვეყანაში და პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში მრავალი წელია არსებობს. ერთ-ერთი წინაპირობა განვითარებისთვის, რომელსაც ჩვენ ველოდებით, არის მესამე პირის წინაშე მძღოლების პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება. კანონპროექტი უკვე დამუშავებულია მთავრობის მიერ და ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო დონეზე მის დამტკიცებას. ეს იქნება ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად გაიზრდება საცალო ბაზარი უახლოეს წლებში. ამის შემდეგ ვფიქრობთ, რომ უფრო დაზღვევის სფეროში მეტი საერთაშორისო ინვესტორი შემოვა. ზოგადად ბაზრის ზრდა ამ ორ ფაქტორზეა დამოკიდებული - რეგულირების გამკაცრება, რომელშიც ვგულისხმობ SOLVENCY II-ის სტანდარტზე გადასვლას და მეორე, დაზღვევის სავალდებულო კატეგორიის შემოღება, ანუ მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონის მიღება. სადაზღვევო ინდუსტრია წელს გადავიდა დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე, რაც დიდი ხელშეწყობა იყო ინდუსტრიისთვის და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სადაზღვევო სექტორი დაბეგვრის ამ რეჟიმში მოექცა.
- მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი უკვე მზადაა და საკანონმდებლო ორგანოში როგორც ვიცი ძალიან მალე შევა, რა შედეგებს ელის მისი ამოქმედების შემდეგ სექტორი, თუნდაც უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში?
- სწორედ ახსენეთ, აღნიშნული კანონპროექტი უკვე დამუშავებულია მთავრობის და სადაზღვევო სექტორის მარეგულირებლის მიერ. ის უახლოეს პერიოდში გადაიგზავნება საკანონმდებლო ორგანოში და როგორც ვიცით, საშემოდგომო სესიაზე იგეგმება პირველი მოსმენა, ხოლო 2025 წელს- დამტკიცება. რაც შეეხება ამ კანონის გავლენას ბაზრის ზრდაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3-დან 5 წლის პერსპექტივაში დაზღვევის ბაზარი დაახლოებით 50%-ით გაიზრდება. სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დაზღვევის სავალდებულო სახეობები ზოგადად ხელს უწყობს დაზღვევის შესახებ ცნობადობის ზრდას და თავისთავად ლოგიკურია, რომ როდესაც ადამიანი დაზღვევის სიკეთეს გამოცდის, მას უჩნდება სურვილი მიმართოს სადაზღვევო კომპანიებს სხვადასხვა საჭიროებით. დღეისათვის საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუმცა კარგია ის, რომ ბაზარი ეტაპობრივად იზრდება. პირველი კვარტლის მონაცემებით საცალო ბაზარი 20%-ითაა გაზრდილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული.
- რომელი მიმართულებაა პრიორიტეტული ალდაგისთვის ამ ეტაპზე - კორპორაციული თუ საცალო და რას აკეთებს კომპანია იმისთვის, რომ ორივე სეგმენტში ზრდა იყოს?
- 2023 წლის მონაცემები რომ ავიღოთ, კორპორაციულ სეგმენტში ზრდა დაახლოებით 20%-ი იყო, ხოლო საცალო სეგმენტში -30%, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საცალო გაყიდვები კორპორაციულზე მეტად იზრდება. ზოგადად საქართველოში კორპორაციული ბაზარი საკმაოდ განვითარებულია და დაზღვევაც მეტად არის ათვისებული, რასაც საცალო ბაზარზე ვერ ვიტყვით, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად აქცენტს ვაკეთებთ საცალო ბაზრისა და მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტის მხარდაჭერაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ ზრდის ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება და საცალო დაზღვევის ბაზარი მეტად გაიზრდება 2024 წელსაც.
- ბოლო რამდენიმე წელია შუა დერეფნის როლი საკმაოდ გაზრდილია. თქვენს პორტფელში ტვირთების და შესაბამისად სატვირთო ტრანსპორტის დაზღვევის მიმართულება საკმაოდ აქტიურია. რამდენად მიჰყვება ტვირთების დაზღვევის სტატისტიკა ქვეყანაში გაზრდილ ტვირთნაკადს?
- კოვიდ-პანდემიის შემდეგ საქართველოს, როგორც გამტარის როლი კიდევ უფრო გაიზარდა, შესაბამისად ვხედავთ ტვირთების მოცულობების ზრდასაც. ასევე ვხედავთ ზრდას საერთაშორისო სანომრე ნიშნებით მოძრავ სატვირთო ავტომობილებში, შესაბამისად გაიზარდა ტვირთების დაზღვევაზე მოთხოვნაც.
ჩვენ ვიყავით და ვართ მოზიდული პრემიის მიხედვით ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ტვირთების და ასევე კონტეინერების დაზღვევაში. 2022-2023 წლებში კორპორაციული მიმართულებით ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ტვირთების დაზღვევაში იყო,
- სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკისთვის პრიორიტეტულია დარგია. ყოველ შემთხვევაში გვინდა, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო გაიზარდოს. სექტორის ზრდისთვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აგრო დაზღვევაა, სად ვართ დღეს ამ მიმართულებით, როგორია მოთხოვნა და ასევე მოლოდინები?
- ალდაგი დღეს ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს აგროდაზღვევის განვითარებას. ჩვენ 2014 წელს შევუერთდით სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტს და მას შემდეგ უწყვეტად ვეხმარებით ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის სფეროს.
დღეისათვის სოფლის მეურნეობის დაზღვევაში ალდაგის ბაზრის წილი 80%-ია. აქტიურად ვართ წარმოდგენილები როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა ქვეყანაში აგროდაზღვევა განვითარდეს. გვესმის, რომ აგროდაზღვევის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება ვერ მოხდება. გასულ წელს, 15 მლნ ლარი მხოლოდ აგრო მიმართულებით ავანაზღაურეთ. გვახსოვს, რამდენად დააზარალა სეტყვამ აღმოსავლეთ საქართველო 2 და 17 სექტემბერს, სწორედ მაშინ, როდესაც ფერმერებს უკვე უნდა აეღოთ მოსავალი. დაზღვევა ამ დროს ერთადერთი გამოსავალია. ამიტომაც ყოველ წელს აქტიურად ვართ წარმოდგენილი ამ სფეროში და ვცდილობთ ჩვენი აგროდაზღვევით მინიმუმამდე შევამციროთ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული რისკები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც ფერმერების გადასახადის დიდ პროცენტს ასუბსიდირებს. ეს საკმაოდ კარგი პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში და ხელს უწყობს აგრო სფეროს განვითარებას. წელს ველოდებით, რომ აგროდაზღვევის მიმართულებით 30%-იანი ზრდა გვექნება. ალდაგი ასევე არის პირველი კომპანია, რომელმაც მსხვილფეხა პირუტყვის დაზღვევა დაიწყო. ფერმერს დღეს ძალიან მარტივად შეუძლია, რომ მარკირების შემდგომ დააზღვიოს პირუტყვი ალდაგში და დაზღვეული მსხვილფეხა რქოსანი გამოიყენოს ფინანსური რესურსების მოსაზიდად. როგორც ლიდერი კომპანია ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ბაზარი განვითარდეს, ამიტომაც ვცდილობთ ინვესტიცია ჩავდოთ ახალი სადაზღვევო პროდუქტების განვითარებაში, რომელიც ზოგადად დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს მთავარი კონცენტრაცია გვაქვს კახეთში, სადაც რისკი ძალიან მაღალია და გვინდა, რომ დასავლეთ საქართველოშიც გავზარდოთ წვდომა სადაზღვევო პროდუქტებზე.
- დღევანდელ რეალობაში კომპანიის განვითარებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა უმნიშვნელოვანესია. უკვე მუშაობა მიდის იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ქართულად ალაპარაკდეს. რას აკეთებს „ალდაგი“ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით და ასევე ამ მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტების შემუშავების მიმართულებით?
- ჩვენ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია 2020 წელს გამოვაცხადეთ და დღეს პრაქტიკულად ყველა საცალო პროდუქტი ეელექტრონულად იყიდება. ზარალების დარეგულირებაც უმეტესწილად ხდება ელექტრონულად. 2020 წელს მივიღეთ გაეროს გლობალური შეთანხმების ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის, რაც ძალიან საპატიო სტატუსია. სსამომავლოდ ვფიქრობთ, რომ უფრო აქტიურად გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს და აქტიურად წავიწევთ წინ სხვადასხვა ციფრული სერვისების დანერგვის კუთხით.
- ცოტა ხნის წინ ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაიზარდა, რა მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის მსგავსი ტიპის რეიტინგებს და რას ურჩევდით სხვა კომპანიებს, რატომ უნდა იმუშაონ საერთაშორისო რეიტინგების მოპოვებისთვის?
ეს რეიტინგი არა მხოლოდ „ალდაგის“, არამედ ინდუსტრიის წარმატებაა. ძალიან კარგი იქნება თუ სხვა კომპანიებიც დაიწყებენ ამ მიმართულებით მუშაობას და საქართველო უფრო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს დაზღვევის რუკაზე.
დღეს AM Best-ს ვებგვერდზე საქართველო წარმოდგენილია მხოლოდ ალდაგის სახელით. რაც უფრო მეტი ქართული კომპანია მიიღებს საერთაშორისო რეიტინგს, მით უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტორი დაინტერესდება საქართველოს ბაზრით. რეიტინგი პირველ რიგში ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას, სტაბილურობას და საერთაშორისოდ აღიარებულ მაჩვენებლებთან შესაბამისობას. ფინანსური მდგრადობა და სტაბილურობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას როგორც კორპორაციული, ისე საცალო მომხმარებლისთვის. ზოგადად, ინდუსტრიას დღეს სჭირდება კონსოლიდაცია.
ჩვენ გვჯერა, რომ როგორც კი ბაზარი განვითარებას დაიწყებს და SOLVENCY II-ი დაინერგება, ამას მოჰყვება კომპანიების კონსოლიდირება და მივიღებთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტებს დაზღვევის სფეროში.
უახლესი
14 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება15 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით