16 სექტემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე როგორც არსებულ, ასევე დამწყებ მეწარმეებს.
პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მხარდაჭერა სააგენტოს პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტიის და პროცენტის თანადაფინანსების სახით.
მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. სესხის მხარდაჭერასთან ერთად, მეწარმეებს ექნებათ წვდომა უკვე არსებული საკონსულტაციო სერვისების 25 000 ლარამდე თანადაფინანსებაზე.
სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით: „მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ძალიან საინტერესო პროდუქტია, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ მსურველს განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა. მეწარმე მიდის სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრში, გადის დიაგნოსტიკას და შემდეგ სახელმწიფოს დახმარებით, იღებს წვდომას არაერთ მნიშვნელოვან სერვისზე. მისი საჭიროებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს საკონსულტაციო მომსახურება, სესხის პროცენტის ნაწილობრივი ან სრული სუბსიდირება და სესხის ძირი თანხის 80 %-იანი უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის წამოწყებას და ქალი მეწარმეების მხარდაჭერას.
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას”.
პროგრამაში ჩასართავად, მეწარმეებმა უნდა მიმართონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრებს.
უახლესი
1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით