დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსული ხორბლის იმპორტი მეწარმეებს პრობლემებს რეგიონის მასშტაბითაც უქმნის - ლევან სილაგავა

რუსული ხორბლის იმპორტი მეწარმეებს პრობლემებს რეგიონის მასშტაბითაც უქმნის - ლევან სილაგავა

28-08-2023 16:00:28

 

ხორბლის მწარმოებლებს რუსული ხორბლის დაბალი ფასის გამო პრობლემა უკვე რეგიონული მასშტაბით აქვთ. საქართველოს ანალოგიურად, დაბალი ფასის გამო მთავრობისგან შველას ითხოვენ ფერმერები სომხეთშიც. სიტუაცია არასახარბიელოა აზერბაიჯანშიც.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ მეზობელ ქვეყნებში დარგის სუბსიდია ფერმერებს დიდ დახმარებას უწევს.

„ნოემბერი უკვე ახლოსაა, როცა იმპორტის საფასური უნდა გაუქმდეს. უნდა ვიცოდეთ, რა გველის. ფერმერები ნამდვილად დიდ გასაჭირში არიან, რადგან ჯერ კიდევ დარჩენილია ხორბალი, ფასის ზრდას ელოდნენ და აქამდე არ გაყიდეს. გარდა ამისა, მეორე ეტაპი - ხვნა-თესვა წინ არის. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგება.

მთავრობას მივმართეთ, რათა განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის დარეგულირება. ერთ-ერთი მექანიზმია, რომ მთლიანი გადამუშავების პროდუქცია დაექვემდებაროს მოსაკრებელს შემოსვლის დროს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ფერმერები მოსავლის ღირსეულად ჩაბარებას.

რეგიონში ყველა ქვეყანას აქვს ეს პრობლემა და ბაზარი უნდა დავიცვათ. ფერმერებს უკვე სომეხშიც ძალიან უჭირთ. მსგავსი ტენდენცია შეიძლება განვითარდეს აზერბაიჯანში, მაგრამ ქვეყანას აქვს სუბსიდირების მექანიზმი, შესაბამისად, ამან შეიძლება ეს პრობლემა გადაფაროს. ბუნებრივია, რომ ამ არასტაბილურ ვითარებაში მთავრობები ცდილობენ ფერმერების წახალისებასა და წისქვილ-კომბინატების მხარდაჭერას, რათა გამართულად იმუშაონ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ჩვენს ამ გზას უნდა დავადგეთ", - აცხადებს ლევან სილაგავა.

რაც შეეხება სომხეთს, 2022 წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 364,7 ათასი ტონა ხორბალი, რაც 34,4%-ით აღემატება ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს, ხოლო საბაჟო ღირებულება გაიზარდა 64%-ით - 102,3 მლნ აშშ დოლარამდე. 2022 წელს ხორბლის ფქვილის იმპორტი 50,6%-ით გაიზარდა - 31,5 ათას ტონამდე, საბაჟო ღირებულების ზრდა 85,3%-ით - 11,2 მლნ დოლარამდე.

აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით ყაზახეთი საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვას გეგმავს. შესაბამისი ბრძანება ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხორბლის საავტომობილო და სარკინიგზო იმპორტის აკრძალვის დაწესებასთან დაკავშირებით, ღია NLA პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ხორბლის (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი: 100119; 100199) ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით შემოტანის აკრძალვა მესამე ქვეყნებიდან. და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები