რუსეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური დამოკიდებულების მასშტაბი საშიშ ზღვარზეა. საქართველო აგრესორი ქვეყნის ეკონომიკაზე იმდენად დამოკიდებულია, რომ მცირე დაბრკოლებამაც კი შეიძლება ეკონომიკურ სტაბილურობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
როგორც ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, რაც მეტად ვაძლიერებთ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირს, მით უფრო კარგავს ქვეყანა ბაზრების დივერსიფიკაციის შანსს და უსაფრთხოების რისკებს ზრდის.
„რუსეთიდან იმპორტი ფასების გამო უფრო ხელსაყრელია, ვიდრე განვითარებული ქვეყნების ბაზრებთან, ეს ფაქტია. სავარაუდოდ, იმპორტის ზრდა ამითაც არის განპირობებული. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა.
ბუნებრივია, მათაც გარკვეულწილად შეაქვთ წვლილი რუსეთიდან იმპორტის გაზრდილ მოთხოვნაზე. ბუნებრივია, რომ ასე მოხდა, მაგრამ ნამდვილად დამაფიქრებელია ექსპორტთან დაკავშირებული გარემოება, რაც ჩემთვის ძნელად ასახსნელია. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სხვა ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ.
ამ დროს საქართველო მაქსიმალურად იყენებს იმ ,,თავსმოხვეულ" შესაძლებლობას, რაშიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო აღმოჩნდა", - ამბობს გიორგი პაპავა და დასძენს, რომ საგარეო ვაჭრობაში არსებული მდგომარეობა გრძელვადიან პერიოდში საქართველოს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის და ეკონომიკურ სტაბილურობაზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
„ხშირად არის საუბარი, რომ სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო არის გააქტიურებული. თუმცა ეს ფაქტორი ისედაც იყო, მაგრამ პარალელურად ალტერნატიულ ბაზრებზე უფრო აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა. მნიშვნელოვანია, ახალი ბაზრების პოვნა და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი. ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. რუსეთის ეკონომიკა ან დასუსტდება იმდენად, რომ მიმზიდველობას დაკარგავს ან თვითონ დაგვიწესებს ისეთ შეზღუდვას, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში დიდ ბზარს შეიტანს და დაგვაზარალებს.
მიმდინარე ტრენდიც ხანგრძლივად ვერ შენარჩუნდება, უფრო მოკლევადიანი ტენდენციაა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში რისკებს გაგვიზრდის. რაც მეტ ხანს ვიქნებით რუსეთზე დამოკიდებული, მით გვიან გავალთ ალტერნატიულ ბაზრებზე და გვიან გავეცნობით ახალ შესაძლებლობებს, ამასობაში ბაზრების დივერსიფიკაციის შანსს ვკარგავთ", - აცხადებს ანალიტიკოსი Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთში საქონლის ექსპორტი 61%-ით, $177 მილიონამდე გაზარდა. ექსპორტზე უფრო მეტად, 79%-ით, $490 მილიონამდე გაზარდა საქართველომ რუსული საქონლის იმპორტი, შედეგად, სავაჭრო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან 667 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამ მაჩვენებლით რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მესამე პოზიციას 376 მილიონი დოლარის ბრუნვით ჩინეთი იკავებს.
უახლესი