საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენას გამოეხმაურა
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება.
„გჯერათ თუ არ გჯერათ, ეს ასეა - ავიაემბარგოს დაწესებაც და მოხსნაც ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოში კითხვები არ არის და არც იქნება.
„იცით, რომ ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ჩაკეტვასთან მიმართებით, ასევე გახსნასთან მიმართულებით. მე რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები რეალურად აქტივობას საქართველოს ტერიტორიაზე ვერ განახორციელებენ.
შესაბამისად, გარკვეულწილად იმ შეშფოთებას, რომელიც გამოთქმული იყო, ვფიქრობ, საფუძველი არ აქვს ვინაიდან საერთაშორისო დონეზე დაწესებული კონკრეტული რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოში კითხვები არც აქამდე ყოფილა, არც მიმდინარე შესრულების პროცესშია და არც მომავალში არ იქნება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვზო მიმოსვლა აღადგინა და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებებს პროვოკაცია უწოდა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვეა მოითხოვა.
მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფრენების უფლებას ექნებათ იმ რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სანქცირებულები არ არიან.
უახლესი