Pinky Corals-მა, რომელმაც ოპერირება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო მომხმარებლებს ზღვის დეკორატიულ თევზებს და აკვარიუმებს სთავაზობს.
კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ გორგიშვილი Business Insider Georgia-თან საუბარში განმარტავს, რომ საქართველოში ზღვის აკვარიუმებსა და დეკორატიულ თევზებზე ჯერჯერობით ძალიან ცოტამ იცის და კომპანია მარკეტინგული კამპანიით ცნობიერების ამაღლებას ცდილობს, რაც საბოლოო ჯამში გაყიდვების ზრდის წინაპირობა გახდება.
„ამ თევზებს, ჩვეულებრივი აკვარიუმის თევზებისგან განსხვავებით, არსებობისთვის სპეციფიკური პირობები სჭირდებათ. Pinky Corals-ში ერთი თევზის ღირებულება 50 ლარიდან იწყება, თუმცა ფასი დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობასა და ასევე იმაზე თუ საიდან ხდება თევზის მოწოდება. თევზის ჩამოყვანა შესაძლებელია აზიიდან და აფრიკიდანაც“, - განმარტავს Pinky Corals-ის ხელმძღვანელი.
მიხეილ გორგიშვილის თქმით, ამ დროისათვის მათ მიერ გაყიდული თევზებიდან ყველაზე ძვირადღირებული იყო „რეგალის ანგელოზი“, რომელიც 600 ლარამდე ღირდა. თუმცა აღნიშნული სახეობის თევზის ფასი შესაძლოა, რამდენიმე ათას ლარსაც კი აღწევდეს,(ზომის მიხედვით), რადგანაც საკმაოდ იშვიათი თევზია.
რაც შეეხება კომპანიის გაყიდვებს, ჯერჯერობით სტაბილური არ არის.
„გაყიდვები თვიდან თვემდე საკმაოდ ცვალებადია. ჯერ სტარტაპი ვართ და სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით აქტიურად ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე. რეალურად როდესაც ჩვენს შესახებ გაიგებენ, მეორე დღეს ხომ არ მომვლენ საყიდლად? ყველაფერს დრო სჭირდება. საკმაოდ განსხვავაებული აკვარიუმებია, რადგანაც თევზებს საკმაოდ სპეციფიკური მოვლა სჭირდება. შესაბამისად შეძენის გადაწყვეტილებას დრო სჭირდება“, - აცხადებს მიხეილ გორგიშვილი.
ირკვევა, რომ თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე ზღვის თევზების აკვარიუმი, ჩვეულებრივ აკვარიუმებთან შედარებით, საკმაოდ ძვირია. ყველაზე პატარა აკვარიუმის ღირებულება 800 ლარიდან იწყება.
Pinky Corals-ის შეფასებით, ჯერჯერობით მათი მომხმარებლები ძირითადად მოყვარულები არიან, ვისაც თევზების შეგროვებისა და მოვლის ჰობი აქვს.
ამ დროისათვის Pinky Corals-ი შეკვეთებს ონლაინ ფორმატში იღებს, თუმცა გაყიდვების ზრდის პარალელურად შესაბამისი მაღაზიის გახსნასაც განიხილავს.
„გაყიდვების ზრდის პარალელურად ცხადია კომპანია გაიზრდება. თუმცა მაღაზიის გახსნა მიმდინარე წლის გეგებში არ შედის. რეალურად გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი იქნება მოთხოვნა“, - განმარტავს Pinky Corals-ის ხელმძღვანელი.
მიხეილ გორგიშვილი ამბობს, რომ კომპანია ცდილობს თევზები ადგილზეც ჰყავდეთ, რადგანაც როდესაც მომხმარებელი მოვა ფიზიკურად ნახოს და ის სახეობები და ფერები შეიძინოს რაც მოეწონება .
შეკვეთის მიწოდება 2-3 კვირაში ხდება, თუმცა ეს ვადაც დამოკიდებულია რაოდენობაზე, რადგანაც Pinky Corals-ისთვის საზღვარგარეთ მხოლოდ 1 თევზის შეკვეთა მომგებიანი ვერ იქნება.
მიხეილ გორგიშვილის განმარტებით, საქმის დასაწყებად ინვესტიცია თავად ჩადო და ბიზნესი წლების განმავლობაში დაგროვილი კაპიტალით დააფინანსა.
„ძალიან გვიყვარს თევზები და ამიტომ დავიწყეთ ეს ბიზნესი. თუ იმ ტემპით წავა გაყიდვები, მაშინ ინვესტიციის ამოღებას მომავალ წელს შევძლებთ“, - ამბობს მიხეილ გორგიშვილი.
უახლესი