EMAAR საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციაა. EMAAR-ი დუბაის ინფრასტრუქტურული პროექტების 80%-ზე მეტ მფლობს და ამ კომპანიის აშენებულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა.
კომპანია საქმიანობს 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, სერბეთში, უნგრეთში, ლატვიაში, იორდანიაში, ომანში, ალბანეთში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში და სხვ. უშუალოდ საამიროებში Emaar - ის და Eagle Hills - ის მსხვილ პროექტებს განეკუთვნება დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე, პროექტები Dubai Marina - ს ელიტურ საკურორტო ზონასა და სხვა.
უკვე ცნობილია, რომ საამიროების უმსხვილესი დეველოპერი კომპანიის Emaar Properties დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის კომპანია Eagle Hills - ი თბილისსა და გონიოში დაახლოებით 800 ჰა ფართობზე მსხვილ დეველოპერულ საინვესტიციო პროექტებს განავითარებს.
მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კარგი მოლოდინები არსებობს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა.
„საქართველოსთან დაკავშირებით კარგი მოლოდინებია, ყველა მაჩვენებელიც დადებითია. დიდი პატივია და პრივილეგია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ვაკეთო ბიზნესი, ვაწარმოო ეკონომიკური საქმიანობა და ჩავდო ინვესტიციები საქართველოში. ეკონომიკური გარემო და მთავრობის მიერ წარმოებული ეკონომიკური აქტივობების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ, ეკონომიკური სტაბილურობა - ჩვენთვის, ყველასათვის ასე კარგად ცნობილი ეკონომიკური ზრდაა“, - აღნიშნა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
ის ფიქრობს, რომ საქართველო ფარული საგანძურია.
„საქართველო ფარული საგანძურია, თქვენს ქვეყანაზე მხოლოდ დადებითი მაქვს წაკითხული. ჩვენი რეგიონიდან საქართველოს სანახავად ჩასული ადამიანები მხოლოდ კარგს ჰყვებიან, ძალიან ლამაზი პეიზაჟები გაქვთ. დიდი ერი, გემრიელი საკვები და შთამბეჭდავი ისტორია გაქვთ. გაქვთ ასევე შესანიშნავი სანაპირო, - ამბობს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი.
EMAAR ჯგუფის დამფუძნებელის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც მისი კომპანიები მსხვილი პროექტებით შედიან, პრიორიტეტი ყველა დონეზე ადგილობრივ პროფესიონალებთან თანამშრომლობაა, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას ნიშნავს.
„როდესაც ვიწყებთ პროექტს, ეს მხოლოდ მშენებლობა არ არის. ჩვენ არა მარტო ვაშენებთ, არამედ ვავითარებთ, ვუვლით, ყურადღებას ვაქცევთ მცენარეებს, ჩიტებს, ქუჩებს, ადამიანებს. ყველაფერს ვუვლით, იქნება ეს სავარჯიშო დარბაზები თუ ბავშვთა გასართობი მოედნები. ყველაფერს სწორედ ამ გზით ვსწავლობთ, თუ რა შეიძლება გავაუმჯობესოთ. საქართველოში 30 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას გამოვიყენებთ.
თუ თვალს გადავავლებთ ყველა იმ სახელმწიფოს, სადაც ვმუშაობთ, თითქმის ყველგან ჩვენი თანამშრომლები ადგილობრივი არიან. იქნება ეს სერბეთი, ალბანეთი, ლატვია, მაროკო თუ ეგვიპტე, ინდოეთი თუ საუდის არაბეთი, თუ უნგრეთი. ჩვენ უკვე ავიყვანეთ ადგილობრივი ინჟინრები, გვსურს ადგილობრივ არქიტექტორებთანაც თანამშრომლობა. ეს დიდი პროექტია, ადგილობრივებს კი ადარდებს საკუთარი ქვეყანა, ამიტომ ისინი უკეთ შეასრულებენ სამუშაოს“, - დასძინა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
ინვესტორთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, თბილისში, ფონიჭალაში მოეწყობა გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები, კომერციული და პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსები. რაც შეეხება გონიოს, 250 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გახდება ბათუმის ერთგვარი „სავიზიტო ბარათი“ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტან ქალაქისთვის ახალი გასართობი და რეკრეაციის შეთავაზების დივერსიფიკაციის პროცესში. პროექტი მოიცავს იახტ-მარინას, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, ბრენდირებულ რეზიდენციებს, კომერციულ და გასართობ ზონებს, რაც ბათუმის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
ყველგან, სადაც კომპანია Eagle Hills-ი ინვესტიციას ახორციელებს, მისი პოლიტიკაა, მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები. შედეგად, საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი პროფესიონალები და კომპანიები, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება ქვეყნის ეკონომიკაში.
Emaar Properties/Eagle Hills - ისთან მოლაპარაკება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკების ფარგლებში, კომპანიის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, ასევე განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ვიზიტები საინვესტიციო ლოკაციების შერჩევისა და შეფასების მიზნით. მოჰამედ ალაბარის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მეგობრულია და მთავრობა ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობას. როგორც მოჰამედ ალაბარი აღნიშნავს, საქართველოში ყველა მაჩვენებელი კარგია და თავად ქვეყანა განსაკუთრებული და გამორჩეული ბრენდია.
საქართველოში იმედი აქვთ, რომ EMAAR-ის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას ქვეყანაში უძრავი ქონების კიდევ უფრო განვითარების საწინდარი გახდება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოცულობის პროექტი მოიცავს არ მხოლოდ პირდაპირ ინვესტიციას, არამედ ამას მოსდევს თან მნიშვნელოვანი დასაქმების კომპონენტი, უძრავი ქონების მნიშვნელოვანი განვითარების პერსპექტივები და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათები, როგორც ბათუმისთვის ასევე თბილისისთვის.
„განხორციელდა არაერთი ტექნიკური ვიზიტი, მათ შორის საქართველოს არაერთხელ ესტუმრა თავად დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი. ბუნებრივია მსგავსი სახის პროექტი, თავისი მოცულობიდან გამომდინარე იქნება დაახლოებით 5-დან 7 წლის ფარგლებში განხორციელებული, რადგანაც ის მოიცავს სხვადასხვა ფასსა და ეტაპს“, - აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში EMAAR ჯგუფის შემოსვლის გეგმებზე ცნობილი 2025 წლის იანვარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას გახდა.
6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განხორციელებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის სწორედ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწრნენ.
დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან - დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
ჯამურად 800 ჰა სივრცე და 3 მლნ კვ/მ სამშენებლო ფართი. თბილისში ფონიჭალის მიმდებარედ მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები, კომერციული და პრემიუმ კლასის კომპლექსები. რაც შეეხება გონიოს პროექტს, ის მოიცავს იახტ მარინას, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს, ბრენდირებულ რეზიდენციებს, კომერციულ და გასართობ ზონებს.
„მიმდინარე წლის იანვარში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Emaar ჯგუფში შემავალ კომპანია Eagle Hills-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციას სამშენებლო სექტორში. ეს გულისხმობს დაახლოებით 800 ჰექტარი მოცულობის ტერიტორიების განვითარება გონიოსა და თბილისის შემოგარენში. საუბარია დაახლოებით 3 მლნ. კვადრატულ მეტრის სამშენებლო ფართზე. ასეთი ზომის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში აქამდე არ განხორციელებულა“ - ირაკლი ნადარეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და რომელთა წინასწარი შესწავლა და შეფასება უკვე დასრულებულია. მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ქვეყანაში დეველოპერული სექტორის განვითარებას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია EMAAR ჯგუფის განხორციელებული პროექტები10 საათის წინ
Cosmo-მ ასორტიმენტი გააფართოვა