დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი მოთხოვნაა Air Balloon Tbilisi-ის სერვისზე

როგორი მოთხოვნაა Air Balloon Tbilisi-ის სერვისზე

06-06-2024 01:00:00

თბილისის ცენტრში, რიყის პარკში კომპანია Air Balloon Tbilisi უკვე მეოთხე წელია მსურველებს 150 მეტრის სიმაღლიდან ძველი თბილისის დათვალიერებას სთავაზობს.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორი მეა კაპანაძე აცხადებს საჰაერო ბურთით ფრენა 15 წუთის განმავლობაში გრძელდება და მაქსიმალური ტევადობა 30 ადამიანია და ადგილობრივების გამო ტურისტული ლოკაციის მიმართ ინტერესი დიდია.

„საინტერესო, გამორჩეული და უნიკალური ატრაქციაა, ძველი თბილისის ცენტრში საჰაერო ბურთით გასეირნება შეუძლია ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანს. ფრენა სრულდება მხოლოდ ვერტიკალურად 150 მეტრის სიმაღლეზე და შედეგად სტუმარს მართლაც უნიკალური ლანდშაფტის ნახვა შეუძლია. მსურველების 80% უცხოელი ტურისტები არიან.გვაქვს კორპორაციული შეკვეთებიც, “, - ამბობს მეა კაპანაძე.

საჰაერო ბურთით აფრენის ფასი საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებისთვის განსხვავებულია.

„სხვადასხვა კატეგორიის ბილეთები გვაქვს. 55 ლარი ღირს ბილეთი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის (14 წლის ზემოთ). 3-დან 14 წლამდე ბილეთის საფასური 40 ლარია. ხოლო 3-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის უფასო. საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასდაკლებები მოქმედებს და ზრდასრულის ბილეთის საფასური 40 ლარია. 3-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის 35 ლარი, ხოლო 3-წლამდე ბავშვებისთვის უფასო. არის საოჯახო პაკეტები, ხოლო შშმ პირებისთვის ბილეთის საფასური 25 ლარია“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

საჰაერო ბურთის მოწყობილობა ფრანგულ კომპანია Aerophil-ს ეკუთვნის, სადაც Air Balloon Tbilisi მფრინავებმა გადამზადება გაიარეს და მიიღეს ფრენისთვის აუცილებელი გამოცდილება და ცოდნა.

„ფრენის უსაფრთხოებას აკონტროლებს როგორც ჩვენი, ასევე ფრანგული Aerophil-ი. მკაცრად ვიცავთ პროტოკოლს. საჰაერო ბურთი მოწმდება ყოველდღე, ასევე პერიოდულად ხდება სხვადასხვა ტიპის ტექნიკური შემოწმება“, - ამბობს მეა კაპანაძე.

მისივე თქმით, საჰაერო ბურთი წლის ნებისმიერ დროს იფუნქციონირებს, თუმცა უამინდობის დროს ქარის შემთხვევაში  არ იმუშავებს.

კომპანია ცდილობს საჰაერო ბურთისთვის საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეარჩიოს ლოკაცია, თუმცა ამისთვის ზედმიწევნით სიღრმისეული კვლევებია საჭირო.

კომპანია Aerophil-ს 1993 წელს დაარსდა და დღეისთვის მხოლოდ საჰაერო ბურთის პროექტი 35 ქვეყანაში 80-ზე მეტ ქალაქში აქვს განხორციელებული, მათ შორის აშშ-ისა და საფრანგეთის დისნეილენდებში.

„ამ ტიპის ჰელიუმის ბურთი ეკომეგობრულია და ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 12 ქვეყანაში იყო წარმოდგენილი, ახლა პროექტის მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. თუმცა კომპანიის ფრანგი პარტნიორები აღნიშნავენ და გამოარჩევენ ჩვენი საჰაერო ბურთის უნიკალურ ადგილმდებარეობას. რადგან იშვიათია, რომ ლოკაცია ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ულამაზესი ლანდშაფტით იყოს წარმოდგენილი“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები