ზამთრის ტურისტულ სეზონზე მაღალ მაჩვენებლებზე საუბრობენ სასტუმროების ქსელ „ინნ ჰოსფითალითში“, რომელიც ზამთრის კურორტებზე ორ სასტუმროს ფლობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ განაცხადა, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“-სა და „გუდაური ინნ“-ში სტუმრების რაოდენობის ზრდის კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებლები დაფიქსირდა.
„გუდაურის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ იანვარი შედარებით ნაკლებად იყო დატვირთული ვიდრე თებერვალი. თუმცა საერთო ჯამში იანვარ-თებერვალში სასტუმრო „გუდაური ინნ“-ში“ სტუმრების რაოდენობის ზრდის კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებლები დაფიქსირდა. რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, იყვნენ როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპის და გალფის ქვეყნებიდან. ბაკურიანის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ იანვარი იყო საკმაოდ ნაყოფიერი. „ბაკურიანი ინნ“-ში „გუდაური ინნ“-თან შედარებით სეზონზე ფიქსირდებოდა საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ლოკალური ბაზრიდან“, - აცხადებს „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი.
ნინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ 2023-2024 წლის ზამთრის ტურისტული სეზონისთვის სასტუმროებში ფასების დიდი ცვლილება არ მომხდარა და თითქმის 2022-2023 წლის სეზონის იდენტური იყო.
„ფასების ზრდა ისეთი მასშტაბით, რომ ეს მომხმარებელს ეგრძნო არ ყოფილა. დაახლოებით იგივე საფასო პოლიტიკით ვოპერირებდით წელსაც, როგორც გასული წლის ზამთრის სეზონზე“, - აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.
ცნობილია, რომ მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონზე ზამთრის კურორტებზე საკმაოდ ბევრი აქტივობა იყო, მათ შორი მსოფლიო დონის ღონისძიებები გაიმართა.
„ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტურისტულ ბიზნესზე ადეკვატურ ასახვას პოვებს.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები რა თქმა უნდა ყოველთვის დადებითად აისახება ბაზარზე, რადგანაც მოთხოვნას ზრდის ამა თუ იმ ლოკაციასთან მიმართებით. ნებისამებრ შემთხვევაში, როდესაც იზრდება ბაზრის მოცულობითი წილი, ეს ძალიან კარგად აისახება ბიზნეს მაჩვენებლებზეც. სწორედ ასე მოხდა ახლაც, როგორც გუდაურის ისე ბაკურიანის მაგალითზე.
გუდაურთან მიმართებაში ვიტყვი, რომ გარდა იმ საერთაშორისო პროექტებისა, რომელიც განხორციელდა ზამთრის კურორტებზე, იყო დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის გარე აქტივობებიც, მათ შორის კერძო ბიზნესების მიერ, რაც ასევე კარგად აისახა სასტუმრო ბიზნესზე და ადგილობრივი ბიზნესიც გუდაურში თუნდაც ვიიქენდის გატარებით დიდად იყო დაინტერესებული“, - ამბობს „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი.
სასტუმრო ქსელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ინნ ჰოსფითალითის“ მიერ გუდაურში მდებარე სასტუმროს გაფართოება ხდება და ასევე ემატება ახალი სერვისებიც, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რომ აქტიური იყოს ზაფხულის პერიოდშიც.
„გუდაური ინნ“-ში 92 სასტუმრო ოთახია, მაგრამ მიმდინარეობს მესამე ბლოკის მშენებლობა, სადაც იქნება გაცილებით მაღალი კატეგორიის ნომრები. გარდა ამისა წარმოდგენილი იქნება სარელაქსაციო ზონა, საკმაოდ მრავალფეროვანი სპა პროცედურებით, რაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის თავად პროდუქტს და დაინტერესება გაიზრდება გუდაურზე ზაფხულის პერიოდშიც. ვინაიდან გუდაური ბაკურიანთან შედარებით ზაფხულის პერიოდში შედარებით ნაკლებად მომხიბლავი იყო. „გუდაური ინნ“-ში 4 სხვადასხვა ტიპის ნომერი გვაქვს.
რაც შეეხება, „ბაკურიანი ინნ“-ს ის აერთიანებს 7 სხვადასხვა კატეგორიის 153 ნომერს. მაღალი კატეგორიის ნომრებში გაქვს აპარტამენტებიც“, - აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.
ბაკურიანის მიმართულებაზე, რომელზეც მოთხოვნა ზაფხულში ძირითადად ლოკალური ბაზრიდანაა ჯავშნების მიღებას სეზონის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე არ ელიან.
„ადგილობრივ ბაზარს არ ახასიათებს დიდი ხნით ადრე გააკეთოს სასტუმროში განთავსებაზე რეზერვაცია. აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საუბარი დღეს სრულყოფილ სურათს არ მოგვცემს. აქტივობა რა თქმა უნდა არის, მაგრამ მოთხოვნის ზრდა ხდება ხოლმე როგორც წესი სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. თუმცა არსებული მოლოდინებით, 2024 წლის ზაფხული უნდა იყოს უფრო ნაყოფიერი, ვიდრე იყო 2023 წლის ზაფხული, როგორც ადგილობრივი ბაზრიდან მომართვიანობით ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან“, - ამბობს „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროების ქსელი „ინნ ჰოსფითალითი“, ბაზარზე ამ ეტაპზე ოთხი სასტუმროთი ოპერირებს, ესენია: „როიალ ინნ“, „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“ და რამდენიმე თვის უკან გახსნილი „ახალციხე ინნ“.
„გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს ობიექტებთან მიმართებაში მენეჯმენტში დიდი ცვლილებები იყო, სადაც ერთხმად მოხდა რიგი სტრატეგიების შემუშავება, ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების და შრომის შედეგია ის შედეგი რაც ზამთარში გვქონდა“, - აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა