ევროკავშირის წევრობის კანდიდატი საქართველო ახლა ისე ახლოს არის საუკუნოვან ევროპულ ოცნებასთან როგორც არასდროს. ბრიუსელმა თბილისის მიერ ევროინტერგაციის გზაზე გადადმული ნაბიჯები მოიწონა, ქართველი ხალხის არჩევანი დააფასა და საქართველოს ნანატრი კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
პოლიტიკური აღიარება ეკონომიკური კონტექსტის გარეშე თითქმის არასოდეს არსებობს. ასეა ახლაც, ევროკავშირში წლებია გაწევრიანების წინა მხარდაჭერის (IPA) ინსტრუმენტი არსებობს, რომლითაც 27 წევრი სახელმწიფოს ერთობა კანდიდატ ქვეყნებსა და პოტენციურ კანდიდატებს მათი საზოგადოებების, სამართლებრივი სისტემებისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციაში ეხმარება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის ინვესტიცია ევროკავშირის მომავალში, რაც ევროპას უფრო უსაფრთხოსა და ეკონომიკურად ძლიერს ხდის უახლოესი მეზობელი ქვეყნების სტაბილურობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერით.
ევროკავშირი- საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ევროკავშირი საქართველოში ამ ეტაპზე 160-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მლნ ევროს შეადგენს. გიორგი კაჭარავა ვარაუდობს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, გაწევრიანების წინა მხარდაჭერის ინსტრუმენტის ფარგლებში, ეს მხარდაჭერა კიდევ გაიზრდება.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რა მოლოდინები აქვს ქართულ ბიზნესს, რა ახალ შესაძლებლობებს უხსნის მათ ევროპული აღიარება? Business Insider Georgia ამის გარკვევას თავად სექტორის წარმომადგენლებთან შეეცადა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე გვეუბნება, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ინვესტორების განწყობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ამ მოცემულობაში საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ქვეყანა ხდება.
ამას გარდა, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსი ხელს შეუწყობს კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდას, ეს კი თავის მხრივ ქართულ კომპანიებს ფინანსრურ რესურსებზე წვდომას გაუმარტივებს.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ მეტი სარგებლის მიღების გზაზე ქართულ ბიზნესს სახელმწიფოსგან ერთადერთი ხელშეწყობა სჭირდება - ქვეყანამ თანამიმდევრულად გააგრძელოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგარეო კურსი. „ბიზნესი თავის თავს მიხედავს“ - აცხადებს ვეფხვაძე.
ბიზნეს ასოციაციის პარალელურად, მოლოდინები პოზიტიური აქვთ ცალკეულ კომპანიებსაც. სამშენებლო კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორი გვეუბნება, რომ სტატუსის მიღება საქართველოში საინვესტიციო გარემოს წახალისებას უზრუნვეყოფს. შიო ხეცურიანს სჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერსს გაზრდის.
კანდიდატობის სტატუსის პარალელურად რეფორმებში თანმიმდევრულობის აუცილებლობაზე საუბრობს კომპანია „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი, ილია ენუქაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომის შემთხვევაში საქართველოს ბიზნესგარემოსა და ქართული კომპანიების სანდოობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ილია ენუქაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „სილქნეტმა“ თბილისის ცენტრალურ უბნებში 5G ტექნოლოგიის გაშვება დაუკავშირა.
„სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი ჩვენთან ინტერვიუში არ მალავს, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროკავშირთან რეგულაციების ჰარმონიზაციის პროცესი ხარვეზების გარეშე არ მიმდინარეობს. თუმცა ენუქაშვილი დარწმუნებულია, რომ სექტორი და ზოგადად ქართული ეკონომიკა გაცილებით მეტად მიმზიდველი იქნება ინვესტიციებისთვის, თუ ქვეყანას ჭეშმარიტად ევროპულის მსგავსი საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები ექნება.
ევროპული მომავლის გზაზე წინ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპია, ეს კი საქართველოსგან დამატებით ნაბიჯებს ითხოვს, ნაბიჯებს რომელიც ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს! ამისთვის კი საქართველოს წინ სრული ერთი წელი აქვს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა