6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა საპენსიო სააგენტოს კანონი ავალდებულებდა, რომ მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში დაებანდებინა. ახლა მოქალაქემ თავად შეაფასოს რისკები იმ თანხის დასაბანდებლად, რომელიც წლების შემდეგ მის პენსიად უნდა იქცეს.
საპენსიო სააგენტომ მოქალაქეებს გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა მისცა, რომელიც 6 სექტემბერს იწურება.
საინვესტიციო პორტფელის არჩევა შეიძლება საპენსიო სააგენტოს ვებგვერდიდან (my.pensions.ge) ან ოფისში, ან იუსტიციის სახლში მისვლით.
ონლაინ მიმართვისთვის აუცილებელია ID ბარათი, სპეციალური მოწყობილობა (ID წამკითხველი) და PIN კოდი, რომელსაც იუსტიციის სახლი გასცემს. აქვე აღსანიშნავია, რომ მონაწილეს საინვესტიციო პორტფელზე არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ შეეძლება.
ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად. კერძოდ, გაწევრების მომენტისთვის:
• 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის ინფორმაციით, აქტივების საზღვარგარეთ ინვესტირება ძირითადად გულისხმობს საერთაშორისო წილობრივ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას. „ანუ - აქციებში ინვესტირებას, რაც მოიცავს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების წამყვან კომპანიებში ინვესტირებას. ვინაიდან საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები დივერსიფიცირებულია გეოგრაფიულად და სექტორულად, ამ აქტივების შემოსავლიანობა არ არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტული კომპანიისა თუ ქვეყნის შედეგებზე“.
გრეძელვადიან პერსპექტივაში გლობალურ აქციებში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კაპიტალის ზრდის და მსყიდველთუნარიანობის შენარჩუნების. რამდენიმე მთავარი მიზეზი, რის გამოც მივიჩნევთ, რომ მიზანშეწონილია საპენსიო აქტივების ინვესტირება გლობალურ აქციებში: მაღალი შემოსავლიანობა: ისტორიულად, აქციებში ინვესტირება სხვა აქტივების კლასებთან შედარებით, როგორებიცაა მაგალითად ობლიგაციები, ბევრად უფრო მომგებიანია. აქციებში ინვესტირებით ხდები ამ კომპანიების მეწილე და შესაბამისად ხდები მათი ზრდისა და წარმატების ნაწილი. გლობალური ზრდის შესაძლებლობა: გლობალურ აქციებში ინვესტირება ხორციელდება სხვადასხვა რეგიონებისა და სექტორების კომპანიებში. მსგავსი პორტფელის ქონა საშუალებას აძლევს ინვესტორებს გახდნენ მსოფლიო ეკონომიკური ზრდისა და პროგრესის ნაწილი.
პორტფელის მართვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დივერსიფიკაციაა. საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება ნიშნავს ამ პორტფელში შემავალი აქტივების რაც შეიძლება მეტად გამრავალფეროვნებას, გაფართოებას, რათა რომელიმე კონკრეტული აქტივის ფასის ცვლილებით გამოწვეული რისკები შემცირდეს. გლობალურ აქციებში ინვესტირებით ერთდროულად რამდენიმე ათასი კომპანიის წილის მფლობელი ხდებით, რაც პორტფელის დივერსიფიკაციის და რისკების შემცირების საუკეთესო საშუალებაა. ინფლაციის დამარცხება: ისტორიულად აქციებში ინვესტირება ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია. საპენსიო სააგენტოს მთავარი მანდატი გრძელვადიან პერიოდში სწორედ ინფლაციის დამარცხებაა.
მიუხედავად იმისა, რომ წარსული შედეგები ყოველთვის არ იძლევა მომავლი მომგებიანობის უტყუარ პროგნოზს, მაინც საინტერესოა შევხედოთ გლობალური აქციების შედეგების გრძელვადიან ისტორიას.მაგალითად, შევხედოთ ამერიკის საფონდო ბირჟას, რომელიც 200 წელზე მეტია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში უამრავი კრიზისისა თუ ბუმის მომსწრე გამხდარა. S&P 500-ის ინდექსი, რომელიც ამერიკის 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, ბოლო 50 წლის განმავლობაში, საშუალოდ წლიურად 10%-11%-ით იზრდებოდა (დოლარში), უახლოეს 20-წლიან პერიოდში ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია 8%-9%-მდე, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალია.
ზრდის ეს მაჩვენებლები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აქციებში ინვესტირების გრძელვადიანი ზრდის პოტენციალს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საფონდო ბირჟებზე ამონაგები შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტულ დროსა და ეკონომიკურ პირობებში. ამასთან, ბაზრის მოკლევადიანი რყევები შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა ისტორია აჩვენებს, რომ გრძელვადიანი ინვესტორები გლობალურ აქციებში ინვესტირებით მოგებულები რჩებიან.
ნებისმიერი ინვესტიციის მსგავსად, გლობალურ აქციებში ინვესტირება რისკებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში. საფონდო ბირჟებზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს, მათ შორის ეკონომიკური რყევები, გეოპოლიტიკური მოვლენები თუ პანდემიები. მსოფლიო კრიზისები უახლეს ისტორიაშიც გვქონდა, COVID-19-ის კრიზისი ან 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რა დროსაც მსოფლიო ფინანსურ ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევები დაფიქსირდა და ბევრმა ინვესტორმა საკმაოდ დიდი ზარალი ნახა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი რყევები როგორც წესი არ ნარჩუნდება და საფონდო ბირჟებიც სტაბილური ზრდის ტრენდს უბრუნდება.
საპენსიო დანაზოგი, თავისი შინაარსით მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი დანაზოგისგან, მთავარი სხვაობა კი საინვესტიციო ჰორიზონტია. ვინაიდან საპენსიო დანაზოგების გამოყენება საპენსიო ასაკის მიღწევისას შეგვიძლია, რაც უფრო ახალგაზრდა ხართ, მით მეტია თქვენი საინვესტიციო ჰორიზონტი. გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი კი მეტი რისკის აღების საშუალებას გაძლევთ და ბაზრის მოკლევადიანი რყევები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თქვენს საინვესტიციო მიზანზე. ისტორია კი საუკეთესო მასწავლებელია, მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ მომენტში საფონდო ბირჟებზე საკმაოდ მაღალი მერყეობა დაფიქსირებულა, ბოლო 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო აქციების ბაზრების საშუალო შემოსავლიანობამ დოლარში, წლიური 8%-9% შეადგინა. ხოლო, თუ თქვენ საპენსიო ასაკთან ახლოს ხართ, მაშინ თქვენი საინვესტიციო მიზანიც განსხვავებულია და ამ დროს უმეტეს ადამიანებს დანაზოგების ღირებულების სტაბილურობა ურჩევნიათ, შესაბამისად, მათ სტაბილური (ნაკლებად რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი უკეთ შეეფერებათ.
საერთაშორისო კომპანიების აქციების ყიდვით გრძელ ვადაში მაღალი შემოსავლიანობის დაგენერირება შეგიძლიათ, ამასთან თქვენი დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაში იქნება ინვესტირებული, რაც თქვენს საპენსიო დანაზოგს უფრო უსაფრთხოს ხდის.
უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად თუ თქვენი ყოველთვიური საპენსიო დანაზოგი 100 ლარია და მის ინვესტირებას სტაბილურ პორტფელში განახორციელებთ, 35 წლის ბოლოს მაღალი ალბათობით მოსალოდნელია თქვენი დანაზოგის მოცულობამ 143,000 ლარს მიაღწიოს, თუ შერეულ პორტფელს აირჩევთ ეს თანხა 164,000-მდე იზრდება, ხოლო თუ მზარდ პორტფელში გადაიტანთ თქვენს დანაზოგებს მოსალოდნელია, რომ 35 წლის ბოლოს თქვენი დანაზოგი 185,000 ლარს გაუტოლდეს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ დაზოგილი ყოველთვიური 100 ლარი არ ითვალისწინებს ხელფასის მატების შემთხვევაში გაზრდილ შენატანებს, რა შემთხვევაშიც 35 წლის ბოლოს თქვენი დანაზოგები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, თუ თქვენ ყოველთვიურად 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის საპენსიო შენატანს მზარდ პორტფელში განახორციელებთ, 35 წლის ბოლოს მოსალოდნელია, რომ თქვენი საპენსიო დანაზოგის მოცულობა 370,000 ლარს მიაღწევს. აქვე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მაღალ რისკიან პორტფელში ინვესტირება მაღალ შემოსავლიანობასთან ერთად შესაბამისად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, რაც მოკლევადიანი მერყეობით შეიძლება გამოისახოს.
შერეული ანუ საშუალორისკიანი პორტფელი
საშუალორისკიანი პორტფელი ნაკლებადრისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელის ნაზავია. "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულია დასაშვები ლიმიტები სხვადასხვა აქტივის კლასებზე, კერძოდ აქციების მაქსიმალური ლიმიტი 40%-ია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დაბალრისკიან (სტაბილურ) პორტფელში მხოლოდ 20%-ია, ხოლო მაღალრისკიან პორტფელში 60%-ია. სასესხო ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური წონა კანონით 75%-ითაა განსაზღვრული, ხოლო ფულადი სახსრებისა და დეპოზიტების მაქსიმალური წილი კი 50%-ია.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი და მარეგულირებლის შესაბამისი ნორმატიული აქტები განსაზღვრავს საინვესტიციო მანდატს, რომლის შესაბამისად, საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკას, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი თუ სად, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს ჩვენი დანაზოგების ინვესტირება. აღნიშნულ დოკუმენტშია განსაზღვრული მიზნობრივი ანუ სტრატეგიული/ბენჩმარკ პორტფელიც, რომელიც აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩამოყალიბების შედეგად მიღებული პორტფელია. ამ პორტფელში განსაზღვრულია აქტივების კლასები, რისკისა და ამონაგების მახასიათებლები, რომლის მიღწევაც საინვესტიციო სამსახურის მიზანს წარმოადგენს საინვესტიციო პერიოდის მანძილზე.
„საინვესტიციო სამსახურის მიზანი ინფლაციის მაქსიმალური დამარცხებაა განსაზღვრული რისკის გათვალისწინებით, რაც სტრატეგიულ/ბენჩმარკ პორტფელმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად საინვესტიციო სამსახურის ამოცანაა სამიზნე სტრატეგიულ/ბენჩმარკ პორტფელის წარმოება, თუმცა, კონკრეტულ სიტუაციებში, საინვესტიციო სამსახურს შეუძლია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, ბენჩმარკ პორტფელიდან გადაიხაროს დამატებით მოგების მიღების მიზნით“, - აცხადებენ სააგენტოში.
მზარდი ანუ მაღალრისკიანი პორტფელი:
მზარდ ანუ მაღალრისკიან პორტფელში აქტივების ძირითადი ნაწილის ინვესტირება ხორციელდება უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში. "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულია დასაშვები ლიმიტები სხვადასხვა აქტივის კლასებზე, კერძოდ, აქციების მაქსიმალური ლიმიტი 60%-ია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დაბალრისკიან (სტაბილურ) პორტფელში მხოლოდ 20%-ია. შესაბამისად, მაღალრისკიან პორტფელში შემცირებულია სასესხო ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური წონა 50%-მდე და ფულადი სახსრები და დეპოზიტების წილი 25%-მდე.
ვინაიდან, მაღალრისკიან პორტფელში დაგროვებული დანაზოგები უმეტესად უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში ინვესტირდება მასთან დაკავშირებული რისკებიც შედარებით მაღალია, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ამ პორტფელიდან მოსალოდნელი ამონაგებიც მნიშვნელოვნად აღემატება დაბალრისკიანი პორტფელის ამონაგებს. აქვე აღსანიშნავია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალურ აქციებში ინვესტირება სხვა აქტივების კლასებთან შედარებით, როგორებიცაა მაგალითად ობლიგაციები და ფულადი სახსრები, ბევრად უფრო მომგებიანია და ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კაპიტალის ზრდის და ინფლაციის დამარცხების.
ვინაიდან მზარდ პორტფელთან დაკავშირებული ამონაგები და რისკიანობა შედარებით მაღალია, ეს პორტფელი უკეთ შეეფერება ისეთ ადამიანებს, ვისაც უყვართ რისკის აღება და ამის ხარჯზე სურთ მაღალი მოგების მიღება გრძელ ვადაში. ასეთები ხშირად არიან ახალგაზრდები, რომელთა საპენსიო ასაკამდე რამდენიმე ათწლეული აშორებს. გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი მეტი რისკის აღების საშუალებას იძლევა, ვინაიდან ბაზრის მოკლევადიანი რყევები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს საინვესტიციო დანაზოგზე გრძელვადიან პერიოდში.
სტაბილური ანუ ნაკლებადრისკიანი პორტფელი
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებადრისკიან პორტფელში. ამ პორტფელში განთავსებული დაგროვებული დანაზოგები ძირითადად ინვესტირდება საპროცენტო ინსტრუმენტებში, როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები, ხოლო უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში ინვესტირების წილი შეზღუდულია პორტფელის 20%-მდე. ვინაიდან ინვესტიციების უმეტესობა საპროცენტო ინსტრუმენტებში ხორციელდება, ეს პორტფელი სტაბილური მომგებიანობით და შედარებით ნაკლები რისკით ხასიათდება და ამიტომ მას შეიძლება სტაბილური პორტფელი ვუწოდოთ. გასული 5 წლის განმავლობაში აღნიშნული პორტფელის წლიური საშუალო მომგებიანობა 9.4%-ი იყო, რამაც 5 წლის ჯამში 52% შეადგინა და ინფლაციასთან მიმართებით 10.13%-ით მეტი მომგებიანობა აჩვენა (რეალური ამონაგები), ხოლო წლიურად საშუალოდ 2.17%-ით მეტი.
2023 წელს, საინვესტიციო საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული აქტივების განთავსების განახლებული სტრატეგიის მიხედვით შერეული ანუ საშუალორისკიანი პორტფელისთვის განისაზღვრა შემდეგნაირი სამიზნე ანუ სტრატეგიული ბენჩმარკ პორტფელი: პორტფელის 35%-მდე ინვესტირება განხორციელდება გლობალურ აქციებში, სახაზინო ობლიგაციების სამიზნე მაჩვენებელი 20%-ია, ხოლო ლარში დენომინირებულ დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატების მიზნობრივი მაჩვენებელი კი 45%-ია. გლობალური აქციების ბენჩმარკად განისაზღვრა აქციების თანაბრად შეწონილი ინდექსი, რომელიც 4 სხვადასხვა აქციების ფონდისგან (Exchange Trade Fund (ETF)) იქნება დაკომპლექტებული, ესენია: Vanguard FTSE Pacific ETF (კოდი VPL), Vanguard FTSE Europe ETF (კოდი VGK), SPDR S&P500 ETF (კოდი SPY), iShares MSCI Emerging Markets ETF (კოდი EEM).
ვინაიდან სტაბილურ პორტფელში აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის ინვესტირება საქართველოში შედარებით დაბალრისკიან ფინანსურ ინსტრუმენტებში ხორციელდება, როგორიცაა დეპოზიტები და სახაზინო ობლიგაციები, სტაბილურ პორტფელთან დაკავშირებული რისკებიც ნაკლებია. შესაბამისად, სტაბილური ანუ ნაკლებადრისკიანი პორტფელი უკეთ შეეფერება იმ ადამიანებს, ვინც ინვესტიციებში სიფრთხილეს არჩევს და არ უყვარს რისკის აღება. ხშირად ასეთები არიან საპენსიო ასაკთან მიახლოებული ადამიანები, რომლებსაც არ სურთ პენსიაზე გასვლის წინ მათი დანაზოგების ღირებულების მნიშვნელოვანი მერყეობა.
საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის ივლისის ჩათვლით 51.2%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 11.7% შეადგინა.
2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.76 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 680 მილიონი ლარია.
31 ივლისის მდგომარეობით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 426 ათასი ადამიანია. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 4,811 პირმა, ხოლო პენსიის სახით გაცემული თანხა 12 340 873.06 ლარს შეადგენს.
უახლესი